რეგიონი
გალის ადმინისტრაციულ შენობასთან „აფხაზური პასპორტების“ მიღების მოთხოვნით აქცია იმართება
გალის რაიონის ადმინისტრაციასთან 80-მდე ადამიანი აქციას მართავს. შეკრებილები მათთვის „ახალი აფხაზური პასპორტების“ გაცემას ითხოვენ. „გალ ტვ-ს“ მიერ გავრცლებულ ვიდეოში ჩანს, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენელი მომიტინგეებს სთავაზობს, გამოყონ რამდენიმე ადამიანი, რომელიც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თემურ ნადარაიას შეხვდება.

გავრცელებული ინფორმაციით, გალის მცხოვრებლებზე, რომლებსაც აქამდე ძველი ნიმუშის „აფხაზური პასპორტები“ ჰქონდათ, მხოლოდ „ბინადრობის უფლებას“ გასცემენ, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ „დროებითი მაცხოვრებლის სტატუსი“ მიენიჭებათ.

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 2017 წლის გაზაფხულზე მიიღო კანონი, რომელიც „აფხაზეთის მოქალაქეობის არმქონე“ პირის სამართლებრივ სტატუსს განსაზღვრავს. გადაწყვეტილების თანახმად, „დროებითი ბინადრის მოწმობა“ მიენიჭება უმეტესად გალის მცხოვრებლებს, რომელთა დიდი ნაწილს არ გააჩნია „აფხაზეთის მოქალაქეობა“. კანონის თანახმად, აფხაზეთში მცხოვრებ „უცხო ქვეყნის მოქალაქეებს“ მიეცემათ აფხაზეთში ცხოვრების, ასევე მის საზღვრებს გარეთ თავისუფლად გასვლისა და კვლავ შემოსვლის უფლება. ამ დოკუმენტით შესაძლებელი იქნება აფხაზეთიდან რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლაც.

გასული წლის დეკემბრის ბოლოს აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2019 წლის 1 იანვრიდან აფხაზეთში ძველი პასპორტები გაუქმდება, თუმცა მიმდინარე წლის 21 იანვარს დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2005 წელს გაცემული აფხაზური პასპორტების მოქმედების ვადამ პენსიონერებისთვის 1 მარტამდე გადაიწია. გადაწყვეტილება რესპუბლიკაში პენსიების შეუფერხებლად გაცემის მიზნით მიიღეს.

ამავე ცნობით, 2019 წლის 21 იანვრის მონაცემებით, გაცემულია 120 ათასი დოკუმენტი, ხოლო საპასპორტო განყოფილებებში ახალი აფხაზური პასპორტების 8500 ბლანკია შესული.


Print