ახალი ამბები
ზუგდიდის მერია გარემოვაჭრეთა ნაწილს კომპრომისზე წასვლას სთხოვს
ზუგდიდის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გარევაჭრობის რეგულირებასთან დაკავშირებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. მას გარემოვაჭრეთა ის ნაწილი დაესწრო, რომლებიც ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე ტანსაცმლით ვაჭრობს. მერიამ მათ რამდენიმე ალტერნატიული ფართი შესთავაზა, თუმცა თანხმობა ვერ მიიღო.  ერთ-ერთი ფართი, რომელიც აქტიურად განიხილებოდა, კედიას ქუჩაზე არსებული ორსართულიანი შენობაა, სადაც  საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას მტკიცებით, თითქმის ყველა გარემოვაჭრე დაეტევა და ამასთან ინფრასტრუქტურულადაც მოწესრიგებულია.
alt
ფოტო: ზუგდიდის საკრებულო

"ერთადერთი დროებითი დაშვება ეხებოდა ტანსაცმლით მოვაჭრეებს, რომლებისთვისაც შეთავაზებული იყო ხუთი ლოკაცია. რა თქმა უნდა, ისინი გარკვეულ რისკებს სუბიექტურად აფასებენ, მაგრამ ამის გამო ვერ დაიშვება გარევაჭრობა. ჩვენ ვთხოვეთ, რომ გარკვეული სუბიექტური მიდგომები დაივიწყონ. გააანალიზონ ჩვენ მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ფართები და შემდეგ მიიღონ გადაწყევტილება“, - განაცხადა მამუკა წოწერიამ.
alt
ფოტო:ზუგდიდის საკრებულო

აღნიშნულ შენობაში შესვლაზე გარემოვაჭრეები უარს ორი მიზეზის გამო აცხადებენ. ერთის მხრივ, ისინი ამბობენ, რომ იქ თავიანთ პროდუქციას ვერ გაყიდიან, ხოლო მეორეს მხრივ, ამ ბაზრობის მეპატრონესთან პირადი წყენა აკავშირებთ.

„შემოთავაზებული ფართი არის კატეგორიულად მიუღებელი. თავდაპირველად ჩვენ თვითონ დავინტერესდით ამ ბაზრობით, მაგრამ როდესაც მივედით, მეპატრონისგან მივიღეთ შეურაცხმყოფელი სიტყვები. შემოგვითვალა, რომ მას ჩვენი მასა არ სჭირდებოდა, უნდოდა ფულიანები. დაბალი ფენა არ მჭირდებაო“, - თქვა გარემოვაჭრე მარინა ფარულავამ.

მათთვის ამ ეტაპზე მისაღებია ტერიტორია ჩხოუშის მარცხენა სანაპიროზე, სადაც ისინი ადრე ვაჭრობდნენ, თუმცა მისი იერსახის მოწესრიგებამდე ბაზრის მიმდებარედ მუშაობის გაგრძელებას ითხოვენ. წინააღმდეგ შემთხევაში, ამბობენ, რომ სხვა შემოთავაზებას არ დაეთანხმებიან და აქციებს გამართავენ.
alt
„ერთადერთი მისაღები ტერიტორია არის, ის სადაც ადრე ვიყავით. ჩვენი თხოვნაა, სანამ ის ტერიტორია მოწესრიგდება, ბაზრის მიმდებარედ მუშაობის შესაძლებლობა მოგვცენ. თუ არ დაკმაყოფილდება ეს მოთხოვნა, სხვა გზა არ გვექნება და აქციებს გავმართავთ“, - ამბობენ გარემოვაჭრეები.

მერიაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ბაზრის მოსაწყობად მეპატრონეს რამდენიმე თვე დასჭირდება და ამ პერიოდის განმავლობაში გარევაჭრობას ვერ დაუშვებენ.
alt
ფოტო: ზუგდიდის საკრებულო

მერიას ალტერნატიული ფართი მოძიებულია აქვს ასევე ნიკოლაძის ქუჩაზე ხილ-ბოსტნეულით მოვაჭრეებისთვის, თუმცა სამუშაო შეხვედრაზე ისინი არ იმყოფებოდნენ.


შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაციების და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები დაესწრნენ. შემდეგში ისინი 31 იანვარს შეიკრიბებიან, რის შემდეგაც საკრებულო გარევაჭრობის ორგანიზების წესს მიიღებს.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში გარემოვაჭრეთა დახლები აიღეს 

Print