ახალი ამბები
ზუგდიდის მერიის სპორტის ააიპ-დან კიდევ 50 თანამშრომელი გაათავისუფლეს
ზუგდიდის მერიის „სპორტის განვითარების ცენტრის“ ააიპ-დან ხელშეკრულება კიდევ 50 თანამშრომელს არ გაუგრძელდა. ამის შესახებ რადიო „ათინათს“  „სპორტის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა გოჩა ჩიქოვანმა განუცხადა. მისივე თქმით, ააიპ-დან თანამშრომლები არ  დაუთხოვნიათ და მათი უმეტესობას სამსახურში დაბრუნდება.

„ხელშეკრულების ვადის ამოწურვა არ ნიშნავს თანამშრომლის დათხოვნას. მათი უმეტესობა სამსახურში დაბრუნდება და ამ საკითხს  საკრებულოში დროებით შექმნილი სამუშაო კომისია განიხილავს. ძალიან ბევრი დაბრუნდება იმიტომ, რომ მათ შორის ბევრი პროფესიონალია“,- ამბობს ჩიქოვანი.

მიმდინარე თვის განმავლობაში „სპორტის განვითარების ცენტრის“ ხელშეკრულება ჯამში 70-ზე მეტ თანამშრომელს არ გაგრძელდა.

ზუგდიდის მერიის 4 ააიპ-დან 2019 წელის დასაწყისში 61 ადამიანი გაათავისუფლეს. რადიო „ათინათის“ მიერ გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 9 იანვრის მდგომარეობით, სულ ააიპ-ებსა და შპს-ებში 2 231 ადამიანია დასაქმებული, 2018 წლის 31 დეკემბერს კი მათი რიცხვი 2 292-ს შეადგენდა. 

საკრებულოში  ააიპ-ების შემსწავლელი ჯგუფი 2018 წლის დეკემბერში შეიქმნა. საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას ინფორმაციით, ეს იქნება სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია ააიპ-ების სტრუქტურული ოპტიმიზაცია.

Print