ახალი ამბები
ზუგდიდის მერია სკოლებში ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი კომპანიისთვის ხელშეკრულების შეწყვეტაზე ფიქრობს (ვიდეო)
ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის გიორგი შენგელიას ინფორმაციით, მერიამ უახლოეს პერიოდში, შესაძლოა, შპს „საქ-ავტოტრანსი 2014"-თან ხელშეკრულება გაწყვიტოს. ამის მიზეზად შენგელიამ ჟურნალისტებს კომპანიის მხრიდან ვალდებულებების არაჯეროვნად შესრულება დაუსახელა. საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე მან განმარტა, რომ 39-დან 24 სკოლაში ბავშვების ტრანსპორტირება შეფერხებით ხორციელდება.

alt

„მერია მაქსიმალურადაა ჩართული  და ვმუშაობთ საკითხის გადასაჭრელად. ვცდილობთ, რომ მოკლე ვადებში გადავლახოთ პრობლემა, რომ მოსწავლეებს ტრანსპორტი ყველა სოფელში შეუფერხებლად მოემსახუროს. ახლა ვართ მონიტორინგის რეჟიმში, მაგრამ თუ ორშაბათამდეც არ შეასრულებენ მოვალეობას სრულფასოვნად, უახლოეს დღეებში დავიწყებთ კომპანიასთან ხელშეკრულების გაწყვეტის პროცედურებს“, - აღნიშნა შენგელიამ.



მისი ინფორმაციით, მძღოლები და კომპანია ვერ ახერხებს შეთანხმების მიღწევას.

როგორც შპს „საქ-ავტოტრანსი 2014“-ის დირექტორმა აბესალომ ჩუხუამ გვითხრა, მძღოლებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ორშაბათამდე საკითხის გადაწყვეტას მაქსიმალურად ეცდებიან.

„მძღოლების ნაწილს ეშინია, რომ ძველ ხელფასს ვერ მიიღებენ, რადგან, როგორც ვიცი, დეკემბრის თვის ხელფასი არ აქვთ აღებული, ამიტომაც იკავებენ თავს. თუ ისე მოხდა, რომ ორშაბათამდე ეს საკითხი არ გადაწყდა, სხვა მძღოლებით ჩავანაცვლებთ, სხვა გზა არაა“, - უთხრა რადიო „ათინათს“ ჩუხუამ.

მერიის ინფორმაციით, სოფლებში სკოლებისთვის ტრანსპორტის მომსახურებაზე ტედნერი შესყიდვების სააგენტომ გამოაცხადა და აღნიშნული მომსახურებისტვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 172 000 გამოიყო. ტენდერში გამარჯვებულს ხელშეკრულება ზუგდიდის მერიამ გაუფორმა. შპს „საქ-ავტოტრანსი 2014"-ს მოსწავლეების სახლიდან სკოლამდე ტრანსპორტირება 22 იანვრიდან ევალება.


Print