ახალი ამბები
ზუგდიდში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაზე იმსჯელეს
ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში დისკუსია თემაზე „მუნიციპალური ინიციატივები და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა“ გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი იყო თუ რა გეგმები აქვს თვითმმართველობას მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის ასამაღლებლად და არსებული რესურსების უფრო თვალსაჩინოდ გამოსაყენებლად. დისკუსიის მონაწილეებმა აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება გამოთქვეს და ქალაქში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს. არქეოლოგი რევაზ პაპუაშვილი ამბობს, რომ ზუგდიდს ტურისტული თვალსაზრისით დიდი პოტენციალი აქვს და ფიქრობს, რომ კარგი იქნება თუ ბოტანიკურ ბაღში გათხრების შედეგად აღმოჩენილი ქანდაკებების და სკულპტურების ასლები განთავსდება.

„სხვადასხვა გათხრების შედეგად, მათ შორის ბოტანიკურ ბაღში აღმოჩენილია ასობით ექსპონატი, რომელიც ზუგდიდის მუზეუმში ინახება. თუ ამას გონივრულად მივუდგებით, ძალიან კარგად შეიძლება გამოვიყენოთ ტურისტების მოსაზიდად. თუ ბოტანიკურ ბაღში ამ ქანდაკებების და სკულპტურების ასლებს დავდგამთ ეს იქნება კარგი სანახაობრივადაც და მარკეტინგულადაც მომგებიანი“, - ამბობს პაპუაშვილი.
alt
საკრებულოს წევრმა სანდრო სორდიამ დამსწრეებს საკუთარი ინიციატივა გააცნო, რომელიც ქალაქში საიმიჯო დაფების განთავსებას გულისხმობს. სორდიას განმარტებით, დაფებზე ზვიად გამსახურდიას და მარი ბროსეს მიერ ზუგდიდზე გამოთქმული მოსაზრებები იქნება დატანილი.
შეხვედრაზე ასევე საუბარი იყო იმ პრობლემებზე რაც ქალაქში ჩამოსულ ტურისტებს დისკომფორტს უქმნის. მონაწილეების თქმით, ზუგდიდში გზები და საზოგადოებრივი საპირფარეშო მოუწესრიგებელია და ასევე ვირტუალურ სამყაროში ქალაქის ღირშესანიშნაობების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება.
alt
„როდესაც ტურისტი ინტერესდება ადგილით, იძიებს ინტერნეტში, სამწუხაროდ ზუგდიდზე არ მოიპოვება არანაირი ინფორმაცია არც ქართულად და მით უმეტეს არც ინგლისურად. ტურისტი აქ მხოლოდ იმიტომ ჩერდება, რომ მესტიაში მოხვდეს. არ იძებნება არსად ინფორმაცია ჩვენი სამზარეულოს, ისტორიის და ღირშესანიშნაობების შესახებაც“, - ამბობს მოქალაქე თამარ დაგარგულია.

საკრებულოს წევრის სანდრო სორდიას განმარტებით, რომ ქალაქში გზების მოწესრიგებისკენ აქტიური ნაბიჯები გადადგმულია, რაც შეეხება საპირფარეშოებს ეს კერძო საკუთრება, თუმცა მერიას ამ კუთხითაც მოუწევს მუშაობა.
alt
როგორც შეხვედრაზე ითქვა მიმდინარე წელს ადგილობრივი თვითმმართველობა ტურიზმის განვითარების მიმართულებით 20 000 ლარს დახარჯავს. ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელის კონსტანტინე წიფურიას თქმით, იგეგემება ბუკლეტების გამოცემა და ზუგდიდის ტურისტულ პოტენციალზე ვიდეორგოლის გადაღება.

დისკუსია, რომელიც ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების, ტურიზმის სფეროს, არასამთავრობო ორგანიზაციების და  მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.




Print