ახალი ამბები
წალენჯიხაში მერმა და საჯარო მოხელეების ნაწილმა დეკლარაცია არასრულად შეავსეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, წალენჯიხის მერს ბესიკ ფარცვანიას შევსებულ დეკლარაციაში რამდენიმე გარემოება არ აქვს მითითებული. არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში მითითებულია, რომ წალენჯიხის მერს ბესიკ ფარცვანიას 2018 წლის დეკემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ აქვს აღნიშნული, რომ მისი ძმა ბეჟან ფარცვანია კომპანიებში შპს “ბპს სექურითი ჯგუფი” , შპს “რო-ბე”, შპს “ბე & რო” - 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორია.

ამასთან, ორგანიზაციაში ამბობენ, რომ შპს “ბე & როს” სამჯერ აქვს გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობა მიღებული.

„2018 წელს 454 ლარის ორი ხელშეკრულება აქვს ზუგდიდის მერიასთან გაფორმებული, 2019 წლის იანვარში წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ჯვარის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურთან 2 000 ლარიანი ხელშეკრულება. ბესიკ ფარცვანიას ასევე არ აქვს დეკლარირებული, რომ მისი ძმა ბეჟან ფარცვანია ფლობს ბინას ქალაქ თბილისში“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, დეკლარაცია არასრულად აქვს შევსებული წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარეს თემურ ღვინჯილიას. მას არ აქვს აღნიშნული, რომ არის შპს
“შე-ლი”-ს 30% წილისა და შპს “წალენჯიხის საგზაოს” ს/კ - 20% წილის მფლობელი.

ამასთან, თემურ ღვინჯილია ერთ-ერთია იმ თანამდებობის პირთა შორის, რომლებიც საჯარო სამსახურის ბიურომ დეკლარაციის არასრულად შევსების გამო დააჯარიმა.
გარდა ამისა, ხარვეზები აქვთ დეკლარაციაში წალენჯიხის მერიის რამდენიმე თანამშრომელსაც.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” თანამდებობის პირთა 20-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა. შედეგად, დეკლარაციების არასრულად შევსების 6 ფაქტი გამოვლინდა, რაც, ორგანიზაციის თქმით, კანონდარღვევას წარმოდგენს.

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის თანახმად, თანამდებობის პირი ვალდებულია დეკლარაციაში სრულად ასახოს ინფორმაცია საკუთარი და ოჯახის წევრების როგორც ქონების, ასევე სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ დეკლარაციების შემოწმების საკითხი კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია, შესაბამისად, “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მიმართავს საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, შეისწავლოს კვლევაში აღნიშნული პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება“, - აღნიშნულია კვლევაში.

ამავე თემაზე:

საჯარო მოხელეები ზუგდიდში, რომელთაც დეკლარაციები არასრულად აქვთ შევსებული

Print