ახალი ამბები
ბათლომე შელია ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიის შესაძლო გასხვისების წინააღმდეგია
„ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია სკეიტ პარკის ტერიტორიის სამშენებლო კომპანია  m² -ისთვის შესაძლო მიყიდვის წინააღმდეგია.  ამის შესახებ  საკრებულოში შექმნილ დროებითი სამუშაო ჯგუფის მორიგი სხდომაზე ისაუბრეს. კომისიის წევრების ნაწილი თვლის, რომ მუნიციპალიტეტს ყინულის სახლის შენახვა ძვირი უჯდება და იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო კომპანია სკეტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს განათავსებს, სასახლის გადატანის ვალდებულებაც ექნება. მათ მოსაზრებას ბათლომე შელია არ დაეთანხმა. მისი თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს განთავსება და ბიზნეს ინტერესებისთვის გამოყენება დაუშვებელია.

„დღეს გაირკვა, რომ სკეიტ პარკის ტერიტორიის გაყიდვა იგეგმება და სავარაუდო მყიდველიც აქედანვე ცნობილია m²-ის სახით, რომელმაც იქ სასტუმრო უნდა ააშენოს. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი გადაწყვეტილება ჩვენი ქალაქისთვის. სკეიტ პარკი არის ჩვენი ქალაქის ძალიან მნიშვნელოვანი ზონა, რომლის განვითარება მისი სახელწოდების შესაბამისად უნდა გაგრძელდეს და დაუშვებელია იქ ბიზნეს ინტერესების გავრცელება... ცივილურ ქვეყნებში ვერც გაბედავდა ხელისუფლება ასეთი ტერიტორიის კერძო პირისთვის მიყიდვაზე ფიქრსაც კი“, - განაცხადა შელიამ.

როგორც კომისიის ხელმძღვანელმა მამუკა წოწერიამ აღნიშნა, სკეიტ პარკის ტერიტორიის გასხვისების გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ და ის საზოგადოების განხილვის თემაა.

„სამშენებლო კომპანიამ წარადგინა ესკიზი და მას სურს სასტუმროს აშენება, თუმცა ეს ჯერ გადაწყვეტილი არ არის და  მოსახლეობასთან განვიხილავთ. წინადადება საკმაოდ დამაფიქრებელია და მუნიციპალიტეტი მიიღებს გადაწყვეტილებას, გაიტანოს თუ არა აუქციონზე ქონება“, - აღნიშნა წოწერიამ.

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიის მიმდებარედ, იუსტიციის სახლის უკან სამშენებლო კომპანია m² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდულაძემ ზუგდიდში სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაზე ისაუბრა. 

ამავე თემაზე: 

ზუგდიდის სკეიტ პარკის მიმდებარედ შესაძლოა სასტუმრო აშენდეს (ვიდეო)
Print