ახალი ამბები
მოქალაქე ზუგდიდის საავადმყოფოს მორიგე ექიმს უყურადღებობაში ადანაშაულებს
ცხრა წლის გოგონას ოჯახის წევრები ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მორიგე ექიმს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც რადიო "ათინათს" გოგონას დეიდამ მანო პაჭკორიამ უთხრა, პაციენტი ექიმმა გასინჯვის გარეშე ინფექციურ საავადმყოფოში გადაამისამართა. მან ასევე გვითხრა, რომ ადმინისტრაციას არც გოგონას სხვა საავადმყოფოში გადაყვანაზე უზრუნვია, რაც პაჭკორიას მტკიცებით, მათი მოვალეობა იყო.

„ექიმს არ გაუსინჯავს პაციენტი, სიცხის მიზეზები არ გამოუკვლევია, არც დიაგნოზი დაუსვამს, არანაირი საბუთი არ გამოაყოლა მშობელს ინფექციურში წარსადგენად და არც უზრუნველყო პაციენტის გადაყვანა, რაც წესით და რიგით, მათი პრეროგატივა იყო. ასეთი ეპიდემიური აფეთქების სეზონზე, ექიმების ამგვარი გულგრილი, არაკომპეტენტური და უდიერი დამოკიდებულება არის დანაშაული და ზუგდიდის საავადმყოფოს ექიმების მხრიდან მსგავსი ინციდენტი პირველი არ იქნება. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ მსგავსი უყურადღებო დამოკიდებულების გამო დაისაჯოს მორიგე ექიმი. რეალურად ბავშვის გადაყვანა ინფექციურში მშობელმა ვერ უზრუნველყო თვითონ. წუხელ მხოლოდ სასწრაფო დახმარების ექიმებმა აღმოუჩინეს პირველადი დახმარება“,- ამბობს მანო პაჭკორია.

თავის მხრივ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორი ნიკოლოზ ჭეჟია ბრალდებებს უარყოფს. მისი თქმით, გოგონას, სავარაუდოდ, წითელას ნიშნები აღენიშნებოდა და ექიმმა ის ინფექციურში გადაამისამართა. რაც შეეხება მის გადაყვანას, ჭეჟია ამბობს, რომ ეს მათი პრეროგატივა არ იყო.

„როდესაც აღმოვაჩენთ, რომ პაციენტი ინფექციურია, ვეუბნებით რომ მიმართონ ინფექციურს. თუ პაციენტის მდგომარეობა არის უმძიმესი და ის თავისით ვერ წავა, მაშინ ვურეკავთ საგანგებოს, რომ პაციენტის მდგომარეობა არის რთული. გადაყვანას ან საგანგებო უზრუნველყოფს ან პაციენტი“, - აღნიშნა ჭეჟიამ.

ოჯახის წევრების ინფორმაციით, ბავშვის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და ის კერძო ექიმთან მკურნალობს.

Print