ახალი ამბები
ხობში ხანძრის შედეგად დაზარალებულები დახმარებას ითხოვენ
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში დამწვარი სახლის მეპატრონეები დახმარებას ითხოვენ. ხანძარი 25 იანვარს, სავარაუდოდ, სახურავზე ელექტროსადენებს გაუჩნდა, რის შედეგადაც სახლის მეორე სართული მთლიანად დაიწვა. განადგურდა სარეალიზაციოდ გამზადებული ხუთ ტონამდე დაფნაც.

„ხუთსულიანი ოჯახი ვართ, რომელშიც ორი სტუდენტია. ერთადერთი შემოსავალი დაფნა იყო და  გაგვინადგურდა. მეორე  სართულიდან ვერაფრის გამოტანა ვერ მოვახერხეთ. ახლა ვცხოვრობთ პირველი სართულის ნახევრად დამწვარ ნაწილში, ძალიან რთული მდგომარეობა გვაქვს და ყველას ვთხოვთ დახმარებას, რითაც შეუძლიათ. მერიაშიც გვითხრეს დაგეხმარებითო“, - ამბობს დაზარალებული ლევან ბუსკანძე.

რადიო „ათინათს“ ხობის მუნიციპალიტეტის მერიაში უთხრეს, რომ ოჯახს 3000 ლარს ჩაურიცხავენ.

„მათ უკვე წარმოადგინეს შესაბამისი ცნობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან, ასევე იყვნენ ჩვენი წარმომადგენელები და შეაფასეს ვითარება. ასეთი შემთხვევების დროს მერიას 1000-3000 ლარამდე დახმარების გაწევა შეუძლია და მათ მაქსიმალურად დავეხმარებით“, - განაცხდა ხობის მერმა გოჩა ქაჯაიამ.

დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა მითითებულ ანგარიშის ნომერზე შეუძლიათ: ლევანი ბუსკანძე TBC - GE24TB7005545061100079

ამავე თემაზე:

ხობში ორსართულიანი სახლი დაიწვა
Print