რეგიონი
დე ფაქტო აფხაზეთში ე.წ. ღორის გრიპის დაავადების 7 შემთხვევა დაფიქსირდა
დე ფაქტო აფხაზეთში H1N1 ვირუსით დაავადების ლაბორატორიულად დადასტურებული 7 შემთხვევა დაფიქსირდა. სოხუმის სანიტარულ - ეპიდემიოლოგიური სამსახურის ცნობით, დაავადებულთაგან ორი პაციენტი რესპუბლიკურ საავადმყოფოში რჩება, დანარჩენები, შესაბამის მკურნალობას სახლის პირობებში გადიან, წერს „აფსნიპრესი“.

მანადმე აფხაზურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სოხუმში H1N1 ვირუსით სამი პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა თერაპევტმა ანჟელა არჩელიამ განაცხადა.

„ღორის გრიპის არ უნდა შეგვეშინდეს. ეს დაავადება მხოლოდ თვითმკურნალობის შემთხვევაშია საშიში. ჩვენ გვაქვს ყველა საშუალება და შესაძლებლობა დაავადების სამკურნალოდ. ჩვენს განყოფილებაში სამი პაციენტია, რომელსაც ლაბორატორიულად დაუდასტურდა H1N1. ისინი მძიმე პნევმონიით შემოიყვანეს. ახლა უკვე გამოჯანმრთელებისკენ მიდიან და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - განაცხადა ანჟელა არჩელიამ.

ამავე ცნობით, საავადმყოფოში გრიპის სიმპტომებით მომართვიანობა გაიზარდა. ბავშვებს დაავადების მძიმე ფორმები არ აღენიშნებათ. 

„ძირითადად, ბავშვები მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციებით შემოჰყავთ - მაღალი ტემპერატურა, ხველება, სურდო, საერთო სისუსტე. ეს დაავადებები ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ბუნებრივია, მთელი ოჯახი ინფიცირდება“, - აღნიშნა ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა იგორ ჯოპუამ.


Print