ახალი ამბები
ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი ზვიად სიჭინავა, რომელიც 2017 წელს ზუგდიდის მერის არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად მონაწილობდა, მერის არჩევნებში ისევ ჩაერთვება, თუმცა ამჯერად დამოუკიდებელი ხანდიდატი არ იქნება. ამის შესახებ მან „პირველ არხს“ განუცხადა.

სიჭინავას სიტყვებით, ის ნებისმიერი პარტიისგან მიიღებს შეთავაზებას მხარდაჭერის შესახებ და ამ მიზნით, პოლიტიკურ ძალებთან კონსულტაციებს გამართავს.

„მერი ჩემთვის არის მენეჯერი და არა პოლიტიკოსი, რადგან მერს უნდა აწუხებდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა სტადიონი, გაზი, გზა, წყალი და ასე შემდეგ. მე მზად ვარ ნებისმიერი შემოთავაზებისთვის. 2017 წელს ვიყარე კენჭი როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა, თუმცა დღეს საქართველო არ არის მზად დამოუკიდებელი კანდიდატისთვის. უნდა გყავდეს მხარდამჭერი პარტია და მზად ვარ, განვიხილო ყველა ვარიანტი, ოღონდ იმ ხალხთან, რომლებიც ზუგდიდს განიხილავენ არა როგორც პოლიტიკურ მოედანს, არამედ ზრუნავენ ქალაქზე და ფიქრობენ მის განვითარებაზე”,-განუცხადა პირველ არხს ზვიად სიჭინავამ.

მისივე თქმით, პირობითად, მისი წინასაარჩევნო სლოგანი იქნება „გავხადოთ ზუგდიდი საქართველოში ნომერ პირველი ქალაქი”.

ამასთან, პირველი არხის ჟურნალისტთან სიჭინავამ განმარტა, რომ ქალაქის ბიუჯეტი არამიზნობრივად იხარჯება.

„არ შეიძლება 47 მილიონი ლარის დაფინანსების მქონე ქალაქში 22-23 მილიონი იყოს სახელფასო ფონდი. მე ბიზნესმენი კაცი ვარ და ვიცი, ბიზნესი წარმატებულია, როცა სახელფასო ფონდი შეადგენს 8-12%-ს. როცა გადაჭარბებაა 18%-ზე ზემოთ, ეს უკვე არის ჭაობი”,- ამბობს სიჭინავა.

ზუგდიდის მერმა ლაშა გოგიამ თანამდებობა 12 სექტემბერს დატოვა. მოგვიანებით ის პირველ მოადგილესთან ერთად დიდი ოდენობით ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს.

ზუგდიდში მერის რიგგარეშე არჩევნები კი მაისში გაიმართება.

წყარო: პირველი არხი


Print