ახალი ამბები
ზვიად სიჭინავა: ჩემი ინტერესია, რომ ზუგდიდი დასაცინი ქალაქი არ იყოს
ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ზუგდიდის მერობის ყოფილი კანდიდატი ზვიად სიჭინავა თვლის, რომ დამოუკიდებელ კანდიდატს ნაკლები შანსი აქვს და მაისის მერის არჩევნებში მონაწილეობას პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაცია მან რადიო „ათინათს“ დაუდასტურა. სიჭინავამ გვითხრა, რომ ის გამარჯვებისთვის ნებისმიერ პარტიასთან ერთად იბრძოლებს, ვინც ქალაქს არა პოლიტიკური კუთხით, არამედ, მენეჯერის ხედვით გაუძღვება.

„შეიძლება, ცუდი პოლიტიკოსი ვიყო, მაგრამ ჩემ გარშემო ყველა დაადასტურებს, რომ კარგი მენეჯერი ვარ“, - აღნიშნა ზვიად სიჭინავამ.

რაც შეეხება გადაწყვეტილების მოტივს, მან განგვიმარტა, რომ არ სურს, ზუგდიდზე მუდმივად ცუდი ამბები ესმოდეს.

„სულ გვესმის და ვხედავთ ნიუსებს: ვიღაც დაიჭირეს, ქრთამი აიღო, გაძარცვეს, ფაროსანა და ასე შემდეგ, უამრავი პრობლემა. არ მინდა, რომ ზუგდიდი იყოს დასაცინი ქალაქი და ცუდად ჟღერდეს. ზუგდიდი ყოველთვის ცნობილი ქალაქი იყო და ასე არ უნდა ხდებოდეს“, - გვითხრა სიჭინავამ.

იმ შემთხვევაში, თუკი პოლიტიკურ პარტიებთან საერთო ენა ვერ გამონახა, სიჭინავა არ გამორიცხავს, რომ მისთვის ყველაზე მისაღებ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.
ის ზუგდიდში ჩამოსვლას, მისი თქმით, მალევე გეგმავს.

ზვიად სიჭინავამ 2017 წლის ოქტომბერშიც მიიღო ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობა, თუმცა მაშინ ამომრჩეველთა 14, 5 %-მა დაუჭირა მხარი.

ამავე თემაზე:

ზვიად სიჭინავა ზუგდიდის მერის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს
Print