რეგიონი
ზუგდიდის საკრებულომ გარევაჭრობის რეგულირების წესი ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე მიიღო
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობამ გარევაჭრობის რეგულირების წესი მიიღო, რომელიც დროებითმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა. საკითხს მხარი ოპოზიციურმა ფრაქციებმა არ დაუჭირეს."ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის ბათლომე შელიას თქმით, ის გარევაჭრობის საკითხთან დაკავშირებით ხელისუფლებას არ ენდობა და საკითხს მხარს ვერ დაუჭერს.

"კომისიის მუშაობა მიდიოდა ნორმის ფარგლებში, თუმცა, ხელისუფლებას არ ვენდობი ამ თემასთან დაკავშირებით, რადგან არჩევნების დროს მათ აკრძალულ ადგილას გარევაჭრობის ნებას აძლევდნენ",- აღნინა შელიამ.

რაც შეეხება ენმ-ის წევრს პაატა ადამიას, მისი თქმით, რეგულაციები ადრეც არსებობდა, თუმცა არათანმიმდევრულობის გამო არაერთხელ დაირღვა და ამის საშიშროება მომავალშიც არსებობს.

"ცხადია, გარევაჭრობა არ უნდა იყოს, თუმცა მანამდე მათთან მოსალაპარაკებლად ყველაფერი უნდა გაკეთდეს",- თქვა ადამიამ.

ოპოზიონერი დეპუტატების პასუხად საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ბესიკ ჭეჟიამ განმარტა, რომ გარემოვაჭრეებს რამდენიმე ალტერნატიული ფართი შესთავაზეს მათთვის სასურველ ადგილას კონსტრუქციების მოწყობად და კომისიამ მაქსიმუმი გააკეთა.

"ვფიქრობ, არ არის ახლა მათი მოთხოვნები სამართლიანი, რადგან ჩვენ შეთანხმებისთვის ყველაფერი გავაკეთეთ", - დასძინა ჭეჟიამ.

საკრებულოს თავმჯდომარემ კი აღნიშნა, რომ გარემოვაჭრეებთან შეთანხმების მიღწევას მომავალშიც ეცდება, თუმცა ამ ეტაპზე შეთავაზებული ფართები ბევრად უფრო კარგ პირობებში მუშაობას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

მოვაჭრეები გარევაჭრობის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრას დაესწრნენ
Print