ახალი ამბები
გალის მკვიდრი: ყველაფერი გაძვირდა, მძიმე მდგომარეობაა
ოკუპირებულ გალში მცხოვრები, რომელმაც ე.წ. საზღვრის გადმოლახავა მოახერხა, ამბობს, რომ ენგურის ხიდის გადაკეტვის შემდეგ გალში ფასებმა ყველა სახის პროდუქციაზე მოიმატა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ გულით ავადმყოფია და ე.წ. საზღვაზე დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მხოლოდ ექიმის ცნობის წარდგენის შემდეგ გამოუშვეს.

„ძალიან გვიმძიმს, ყველაფერი გაძვირდა, მედიკამენტები, პროდუქტი. ვერაფერს იყიდი, აქ ვიყიდე ახლა, რაც მჭირდებოდა და მიმაქვს. ხიდზე ბევრი ხალხია, მაგრამ არ უშვებენ. გარკვეული თანხის სანაცვლოდაც უშვებენ. ვერსაიდან ვერ გამოაღწევ, ისეთი სიტუაციაა, ყველგან ოკუპანტები არიან. გვინდა, რომ გაიხსნას, რა თქმა უნდა, საერთოდ რომ არ იყოს, ეს უკეთესია“, - ამბობს გალის მკვიდრი.

მისი ინფორმაციით, შესაძლოა, ე.წ. საზღვარი უახლოეს დღეებში გაიხსნას, თუმცა, როგორც გალში მცხოვრებმა პირებმა გვითხრეს, კარანტინის მოხსნასთან დაკავშირებით მუდმივად სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა. ენგურის ხიდზე გადმოსვლას ამ დროისთვის მხოლოდ ენერგეტიკოსები და ის ადამიანები ახერხებენ, ვისაც ექიმის ცნობა აქვს. გარდა ამისა, რამდენიმე რესპოდენტმა გვითხრა, რომ ე.წ. საზღვარზე გარკვეული თანხის სანაცვლოდაც გადმოდიან.

ამავე თემაზე:

ოკუპირებული აფხაზეთიდან ოცდღიანი ლოდინის შემდეგ რამდენიმე სტუდენტი დღეს გადმოვიდა



Print