ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია ხელისუფლებას ენგურის ხიდზე შტაბის მოწყობისკენ მოუწოდებს (ვიდეო)
მოძრაობა „სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ხელისუფლებას ენგურის ხიდზე მოძრაობის შეზღუდვის გამო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს და შტაბის მოწყობას ითხოვს. ამის შესახებ ჯგუშიან ჟურნალისტებს ენგურის ხიდზე გამართულ ბრიფინგზე განუცხადა. მისი თქმით, მთავრობა აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ბედით უნდა დაინტერესდეს.

„უგერგილო ხელისფლება ვერ ახერხებს, დაიცვას, მძევლად მყოფი საკუთარი მოქალაქეები. მე მოვუწოდებ ქვეყნის შინაგან საქმეთა, საგარეო, შერიგებისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, რომ იმოქმედონ. აქ რომ დადგება პრემიერი, დე ფაქტო ხელისუფლებას ამაზე რეაქცია ექნება. თუ პირველი პირები არა, მოადგილეები მაინც უნდა იყვნენ აქ, რომ მოახდინონ ამ მოქალაქეების სოციალური პრობლემების ინდეტიფიცირებ, დაეხმარონ. ხალხი ფულს იხდის ზუგდიდში გადმოსასვლელად, ამ თანხის კომპენსირება მოახდინონ. თუკი აქ კარავს დადგამენ და შტაბს გახსნიან ხელისფლების წარმომადგენლები, მეც მივუჯდები გვერდით. ის მაინც გააკეთოს ზუგდიდში ხელისუფლებამ რომ მოხალისეობრივი ჯგუფები შექმნას და დაეხმაროს ამ ტვირთების გადატანაში ხალხს“, - აღნიშნა ჯგუშიამ.



გარდა ამისა, მან თქვა, რომ ხელისფლებამ საკითხის გარშემო საერთაშორისო ორგანზიაციებთანაც მეტი უნდა ისაუბროს, რომ ამ პრობლემას რეზონანსი და კონკრეტული ქმედითი ნაბიჯები მოყვეს.

ჯგუშია დღეს ენგურის ხიდზე თანამოაზრეებთან ერთად იმყოფებოდა.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა. ენგურის ხიდზე გადმოსვლას ამ დროისთვის მხოლოდ ენერგეტიკოსები და ის ადამიანები ახერხებენ, ვისაც ექიმის ცნობა აქვს. გარდა ამისა, რამდენიმე რესპოდენტმა გვითხრა, რომ ე.წ. საზღვარზე გარკვეული თანხის სანაცვლოდაც გადმოდიან.

ამავე თემაზე:

გალის მკვიდრი: ყველაფერი გაძვირდა, მძიმე მდგომარეობაა

Print