ახალი ამბები
ქალაქის მაჟორიტარი მიიჩნევს, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლისთვის სავარაუდო ტარიფი შეუსაბამოა
ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი მერაბ ქვარაია თვლის, რომ ბოტანიკურ ბაღში შესვლის შესაძლო საფასური არარელევანტურია და ტარიფის გამო მოქალაქეებს რეაბილიტირებულ ბაღში შესვლა არ უნდა შეუფერხდეს.

“3 ლარი ბოტანიკურ ბაღში შესვლის საფასურად, არარელევანტურია, თუმცა როგორც სჩანს ეს იყო ერთ-ერთი მოსაზრება და ეს არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ბოტანიკური ბაღი ზუგდიდელების იდენტობაა, ის ყოველდღიურობაა და იქ შესვლა არ უნდა იყოს ფუფუნება რიგითი ზუგდიდელებისთვის. თანხა, რომელიც, ჩემი აზრით, უფრო სიმბოლური უნდა იყოს, აუცილებელია ზუგდიდის ბიუჯეტში აისახოს და ბოტანიკურ ბაღსავე მოხმარდეს“, - აღნიშნავს მერაბ ქვარაია.

ქალაქი მაჟორიტარი ასევე თვლის, რომ ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის უფასო განაკვეთი, მოწყვლადი ჯგუფებისთვის კი საშეღავათო რეჟიმი უნდა არსებობდეს. გარდა ამისა, მერაბ ქვარაიას თქმით, საწიროა, განისაზღვროს დღე-ღამის ფასიანი განაკვეთები.

„ბოტანიკურ ბაღში შესვლის პრობლემა არცერთ მოქალაქეს არ უნდა შეექმნას. საკითხზე სამუშაოა და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება” -აცხადებს ქვარაია.

ზუგდიდის მერიის ააიპ "ბოტანიკური მართვის ცენტრის" დირექტორმა ზვიად ქარჩავამ ის სავარაუდო ფასები წარმოადგინა, რომლის სანაცვლოდაც მსურველები ბოტანიკურ ბაღში რეაბილიტაციის შემდეგ შეძლებენ შესვლას. წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, ბაღში შესვლა ფასიანი იქნება. ამავე ინფორმაციით, ერთჯერადად შესვლა სამი ლარი ეღირება, ერთთვიანი აბონემენტის ფასი - 30 ლარი, სამთვიანის კი 60 ლარი იქნება. ამასთან, სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიით სარგებლობისთვის მსურველებს 300 ლარის გადახდა მოუწევთ. მისივე თქმით, ფასები, სავარაუდოდ, ადგილობრივებისა და ტურისტებისთვის განსხვავებული იქნება.

ამავე თემაზე:

რა ეღირება, სავარაუდოდ, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა
Print