ახალი ამბები
პრემიერი: 2019-2020 წლებში სვანეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები განხორცილდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის თქმით, მომავალი ორი წლის განმავლობაში სვანეთში დიდი მასშტაბის ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი. ამის შესახებ ბახტაძემ თეთნულდისა და ჰაწვალის სამთო-სათხილამურო კურორტების დათვალიერების შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ამავე ცნობით, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გზების მშენებლობაზე 100 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება. მისივე შეფასებით, მთავარი ამოცანა გზებისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, რათა მოქალაქეებმა და ტურისტებმა უფრო მოკლე დროში შეძლონ სვანეთში ასვლა.

როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რეგიონში შენდება რამდენიმე საბავშვო ბაღი, ასევე იწყება ახალი საბაგირო გზების მშენებლობა, რაც ადგილობრივ მოსახლეობას საოჯახო ბიზნესის უფრო სწრაფად განვითარების საშუალებას მისცემს.

„ განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მესტია უკვე ოთხსეზონიან კურორტად გადაიქცა. ის საბაგირო გზები, რომელიც თეთნულდზე ავაშენეთ, იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია. ჩვენ ამ ულამაზესი კუთხის პოტენციალის ხუთ პროცენტსაც კი ვერ ვიყენებთ. უკვე თითქმის 200 საოჯახო სასტუმროა გახსნილი მესტიაში და ეს ძალიან დიდი წარმატებაა, მაგრამ ეს ჩვენი პოტენციალის მხოლოდ 5 პროცენტია. წინ უფრო მეტი წარმატება გველის",- განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ დასრულებულია მუშაობა სივრცითი მოწყობის გეგმაზე, რაც კურორტის გეგმაზომიერ განვითარებას უზრუნველყოფს.

"ჩვენ არ უნდა დავუშვათ ის შეცდომები, რომელიც იყო დაშვებული სხვა კურორტებზე წლების წინ. ეს სივრცითი მოწყობა იქნება სწორედ იმის გარანტი, რომ სვანეთი შეინარჩუნებს თავის უნიკალურ არქიტექტურას და ბუნებას, მაგრამ პარალელურად აუცილებლად განვავითარებთ ტურისტულ ინფრასტრუქტურას”, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე, მესტიიდან კი 15 კილომეტრში მდებარეობს.

alt

თეთნულდზე არის 4 საბაგირო და 30 კმ-იანი 8 სათხილამურო გზა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურეზე.

სპეციალისტების დასკვნით, თეთნულდის სათხილამურო კომპლექსი ერთდროულად 4 ათასამდე მოთხილამურეს მოემსახურება. უნიკალური კურორტი ტურისტებს ოთხივე სეზონის განმავლობაში უმასპინძლებს, სათხილამურო პერიოდი კი 6-7 თვემდე იქნება.

ჰაწვალი მესტიიდან 8 კმ-ში მდებარეობს. კურორტს ორი საბაგირო და 7 კმ-იანი 5 სათხილამურო გზა აქვს.

Print