რეგიონი
მამუკა ბახტაძე: ფოთში ახალი პორტი და ტერმინალი აშენდება
პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ფოთში ახალი პორტის და ტერმინალის მშენებლობაზე ისაუბრა. ამის შესახებ მან „პეის ჯგუფისა“ და აშშ-ის კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციის (OPIC) მიერ პეის ტერმინალის დაფინანსების ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე განაცხადა.

„დღეს ყველანი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენის მომსწრე ვართ. ხელი ეწერება ამერიკის შეერთებული შტატების კერძო უცხოური ინვესტიციების კორპორაციასა და „პეის ჯგუფს“ შორის ძალიან მნიშვნელოვან ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულების თანახმად, ქალაქ ფოთში აშენდება ახალი პორტი და ტერმინალი. მე არაერთხელ მითქვამს, რომ ჩვენი სტრატეგიის მთავარი მიზანი გახლავთ, რომ საქართველო გადავაქციოთ რეგიონისთვის ეკონომიკურ ცენტრად, ხოლო ამ ყველაფერში ლოგისტიკას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ეს იქნება თანამედროვე სატერმინალო კომპლექსი, რომელიც განსაკუთრებულ ცვლილებებს მისცემს ქვეყნის და რეგიონალურ ეკონომიკასაც. დარწმუნებულ ვარ, ეს პროექტი გახდება ერთ-ერთი სამაგალითო არა მხოლოდ ჩვენ ქვეყანაში, არამედ მთლიანად რეგიონში. ამერიკის მთავრობის საფინანსო ინსტიტუტის მონაწილეობა ამ პროექტში და OPIC-ის მიერ გამოყოფილი 50 მილიონიანი დაფინანსება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-სთვის საქართველო არის სანდო და მნიშვნელოვანი პარტნიორი. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები ასეთ მაღალ დონეზე არასოდეს ყოფილა. ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ეკონომიკური განზომილება ხდება უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ჩვენს ურთიერთობაში“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ. მისივე თქმით, OPIC-ს ძალიან დიდი ღვაწლი აქვს საქართველოს ეკონომიკაში. პრემიერმა გაიხსენა ის წლები, როცა OPIC იყო პირველი კომპანია, რომელმაც დაიწყო ინვესტიციების განხორციელება საქართველოში. მამუკა ბახტაძის ინფორმაციით, OPIC-ს საქართველოში ინვესტირებული აქვს 600 მილიონზე მეტი აშშ დოლარი, რომელიც 60-მდე პროექტის რეალიზაციას მოხმარდა. პრემიერმა აღნიშნული კომპანიის ხელმძღვანელობას მადლობა გადაუხადა. პრემიერის თქმით, OPIC-ს აქვს მნიშვნელოვანი გეგმები საქართველოში ინვეტიციების განხორციელებასთან დაკავშირებით. „მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ახალი, მძლავრი საზღვაო ინფრასტრუქტურა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ჩვენი ქვეყნის ევროპისა და აზიის სატრანსპორტო დერეფნად ჩამოყალიბების საქმეში, მით უფრო, რომ ჩვენ გვაქვს მიზანი, საქართველო გახდეს რეგიონალურ-ეკონომიკური ცენტრი და რეგიონული ჰაბი ლოგისტიკასა და ტრანსპორტში“, - თქვა ბახტაძემ.
Print