ახალი ამბები
განათლების მინისტრი: ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა კერძო სექტორის ჩართულობაზე და მათთან აქტიურ თანამშრომლობაზე ისაუბრა, რომლის ფარგლებშიც ზუგდიდში, მინისტრის ინფორმაციით, სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება.

„პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ჩვენი ხედვით, მათ გარეშე შეუძლებელია ისეთი პროფესიული პროგრამების შემუშავება, რომლებიც სამუშაო ადგილების შექმნასა და სწრაფ დასაქმებაზეა ორიენტირებული. კერძო სექტორის მაქსიმალური ჩართულობის რამდენიმე კარგი მაგალითი უკვე გვაქვს, კერძოდ, ზუგდიდში სტუმარმასპინძლობის სასწავლებელი გაიხსნება, რაც ურთიერთთანამშრომლობის საუკეთესო ნიმუშია,“ - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, სამინისტროს მხრიდან კომპანიებთან თანამშრომლობა გრძელდება, როგორც დასაქმების, ასევე ახალი პროგრამებისა და სასწავლებლების დაფუძნების კუთხით. როგორც მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფოს მიერ კვლავ გაგრძელდება კერძო სექტორის ხელშეწყობა, რადგან სამინისტროს მიზანია, რაც შეიძლება ბევრ კომპანიას გაუჩნდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს პროფესიულ განათლებაში.
Print