ახალი ამბები
ვახტანგ ყოლბაია: გალის რაიონის მოსახლეობა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაური ვახტანგ ყოლბაია ენგურის საოკუპაციო ხაზთან არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ლეგიტიმური მთავრობა ავრცელებს.

ამავე ცნობით, უოლბაია ადგილზე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოსახლეობას შეხვდა და მათ იქ არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

„ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების გამო აფხაზეთის მოსახლეობა სრულ იზოლაციაშია. საოკუპაციო რეჟიმის ამ ქმედებით გალის რაიონის მოსახლეობა ფაქტიურად ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე აღმოჩნდა. მოსახლეობას შეეზღუდა წვდომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროდუქტებსა და სამედიცინო მომსახურებაზე. ასევე, პრობლემები ექმნებათ ენგურის იქით დარჩენილ ახალგაზრდებს, რომლებიც სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში დაბრუნებას ვერ ახერხებენ. თუმცა აღვნიშნავ, რომ სოხუმის ადმინისტრაციამ გამოიჩინა ნება და მოსწავლეთა და სტუდენტთა ნაწილმა შეძლო ენგურის ხიდის გადმოკვეთა. შექმნილი ვითარებით შეწუხებულია აგრეთვე ზუგდიდის მოსახლეობაც. თუ ადრე, გადასასვლელის ჩაკეტვამდე ენგურზე დღის განმავლობაში 4-5 ათასი ადამიანი გადაადგილდებოდა, რომელთა დიდი ნაწილიც სავაჭრო-ეკონომიკურ პროცესებში იყო ჩართული, ახლა მოსახლეობა ამას ვეღარ ახერხებს, რადგანაც ის ერთადერთი გადასასვლელიც პარალიზებულია. საქართველოს მთავრობის შესაბამისი სტრუქტურები საერთაშორისო ორგანიზაციების შუამავლობით ყველაფერს აკეთებს, რათა უმოკლეს დროში აღდგეს ჩვენი მოსახლეობისთვის ჩვეულებრივი მიმოსვლის რეჟიმი“, - განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ უსაფრთხოების სამსახურმა შეზღუდვები 10 იანვარს, ორი თვით, დააწესა. ამის მიზეზად საქართველოს ტერიტორიაზე არასახარბიელო ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასახელდა. ენგურის ხიდზე გადმოსვლას ამ დროისთვის მხოლოდ ენერგეტიკოსები და ის ადამიანები ახერხებენ, ვისაც ექიმის ცნობა აქვს. გარდა ამისა, რამდენიმე რესპოდენტმა გვითხრა, რომ ე.წ. საზღვარზე გარკვეული თანხის სანაცვლოდაც გადმოდიან.

ამავე თემაზე:

გალის მკვიდრი: ყველაფერი გაძვირდა, მძიმე მდგომარეობაა
Print