რეგიონი
გამჭვირვალობა: მოსახლების ინფორმაციით ხაიშში ნაგვის გატანა არ ხდება და ის მდინარეში იყრება
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშში მოსახლეობა ქაოტური ნაგავსაყრელის დასუფთავებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, სოფელში რამდენიმე ურნაა განთავსებული, თუმცა ადგილობრივების თქმით, დაგროვილი ნარჩენები არ გააქვთ და პირდაპირ ხევში, მდინარე ენგურის ნაპირზე იყრება. ინფორმაციას საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო ავრცელებს. ამავე ცნობით, ადგილობრივი მოსახლეობა პრობლემის დაუყოვნებლივ გადაწყვეტას მოითხოვს, რადგნ ბინძურდება მდინარე და აქვე იკვებება პირუტყვიც.

აღნიშნული პრობლემის შესახებ ინფორმაცია აქვს მესტიის დასუფთავების სამსახურის უფროსს მამუკა გირგვლიანს, თუმცა ამბობს, რომ ხაიშსა და მიმდებარე სოფლებს ვერ მოემსახურებიან, სანამ არ  ე.წ. “ნარჩენების გადამზიდი სადგური” არ აშენდება. მისივე თქმით,  აღნიშნული სადგურის აშენება “საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიას” დაგეგმილი აქვს, თუმცა  მშენებლობა დღემდე არ არის დაწყებული.

„ხაიშიდან ნაგვის გატანა არ ხდება. ის კონტეინერები იქ რაც უდგათ, ჩემს სამსახურს არ დაუდგამს. ჩემი სამსახური ვერ ახორციელებს იქ მომსახურებას. თუ გადამზიდი სადგური არ აშენდება, მათ ვერ მოვემსახურები, ხოლო ამ ნაგვის ამოტანა მესტიაში ძალიან ძვირი ჯდება. რამდენჯერმე მივწერეთ მყარი ნარჩენების მართვის სამსახურს ამ პრობლემის შესახებ. ხაიში და მიმდებარე  ტერიტორია დაასუფთავა ჩვენმა სამსახურმა, თუმცა ახლა ისევ დანაგვიანებულია. ნაგავი იყრება პირდაპირ ხევში. როგორც კი გამოზაფხულდება გეგმაში მაქვს, რომ იქ რა ნაგავსაყრელებიც არის დავასუფთავო და ისინი ერთ ადგილას მოვაქციო, სანამ მის გატანას შევძლებთ“, - უთხრა რადიო "ათინათს" სამსახურის უფროსმა.

საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო შესაბამის სამსახურებს, მოუწოდებს რაც შეიძლება სწრაფად მოაგვაროს ხაიშში მცხოვრებთა ეს პრობლემა, გაწმინდოს სანაპირო იმგვარად, რომ მდინარეში არ ჩაიყაროს დაყრილი ნაგავი და უზრუნველყოს ცივილური ფორმით ნარჩენების გატანა სოფლიდან.
Print