ახალი ამბები
„სოლიდარობა თენგო ქობალიას“ - ზუგდიდის მერიასთან აქცია დაიგეგმა
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიასთან შაბათს, 9 თებერვალს მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსის, თენგიზ ქობალიას მხარდასაჭერად აქცია გაიმართება, რომლის ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფია სახელწოდებით „სოლიდარობა თენგო ქობალიას“.

ერთ-ერთი ორგანიზატორის ხატია ჯანაშიას თქმით, აქცია, რომელზეც ოჯახის წევრები, ახლობლები და მეგობრები იქნებიან, მშვიდობიანი იქნება.

„დავაფიქსირებთ საჯაროდ კიდევ ერთხელ ჩვენს პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლომ არ გაითვალისწინა 8 ათასამდე შეგროვებული ხელმოწერა, რომლითაც მოქალაქეები წინასწარი პატიმრობის გირაოთი შეცვლას ვითხოვდით. ეს უსამართლობაა და სწორედ ამის გაპროტესტებას ვაპირებთ აპოლიტიკური, მშვიდობიანი აქციით“, - აღნიშნა ჯანაშიამ.

აქცია დღესვე სოციალურ ქსელშიც დაანონსდა.

„ხელმომწერები არ ითხოვდნენ სასამართლოს უფლებამოსილებაში ჩარევას, არამედ სასამართლოს სთხოვდნენ მხოლოდ პატიმრობის შეცვლას გირაოთი, რაც ხელს არანაირად არ შეუშლიდა სასამართლო ძიების დასრულებას, რისი არაერთი პრეცედენტი არსებობს დღევანდელ სასამართლო რეალობაში, თუმცა სასამართლომ არათუ არ გაითვლისწინა ჩვენი აბსოლუტურად სამართლიანი და კანონიერი მოთხოვნა, არამედ გაუმართლებელი არგუმენტით ბრალდების მხარის მოთხოვნით პატიმრობაში დატოვა თენგო ქობალია“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაშიც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მერიის მუნიციპალური სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი უფროსი თენგიზ ქობალია პატიმრობაში რჩება. აღნიშნული გადაწყვეტილება ქობალიას ოჯახმა და მხარდამჭრებმა ზუგდიდში, აქციით გააპროტესტეს.

ქობალია, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. ქობალიას წინასწარი პატიმრობა 25 დეკემბერს შეეფარდა.

ამავე თემაზე:

თენგო ქობალიას დედა შვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქციების გაგრძელებას გეგმავს (ვიდეო)
Print