ახალი ამბები
მალხაზ ქუჩულორიამ ზუგდიდის არქიტექტურული განვითარების კონცეფცია წარადგინა

საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებულმა ზუგდიდის მერობის კანდიდატმა მალხაზ ქუჩულორიამ ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარების საკუთარი კონცეფცია წარმოადგინა.

ქუჩულორია თვლის, რომ ზუგდიდის ცენტრში არსებული შენობები უნდა შეიფუთოს, მოეწყოს ტურისტული სივრცეები, დაიდგას ქანდაკებები და სკულპტურები. რისაც მისივე გათვლებით, დაახლოებით 60 მილონი ლარი დასჭირდება. თანხების მოძიებას კი ის საერთაშორისო ფონდების და ცენტრალური ხელისუფლების დახმარებით გეგმავს. ქუჩულორიას თქმით, ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ქალაქი 500 ათასამდე ტურისტის მოზიდვას შეძლებს.alt

„ზუგდიდი უნდა გახდეს არქიტექტურულად განვითარებული ქანდაკებების ქალაქი. უნდა იყოს რამდენიმე ისეთი ქანდაკება, რომელიც ზუგდიდს წარმოადგენს, როგორც ერთ-ერთ უძველესი ცივილიზაციის ქალაქს. უნდა მოეწყოს ტურისტული სივრცეები და ზუგდიდში ჩამოსულ უცხოელებს უნდა შევთავაზოთ სათავგადასავლო ტურიზმი. ზუგდიდის ცენტრალურ ნაწილში არსებული შენობები უნდა შეიფუთოს. თავის დროზე გამოცხადდება კონკურსი და მას შეასრულებენ ქართველი არქიტექტორები, აუცილებლად ქართულ-კოლხური ორნამენტებით. ზუგდიდში ჩამოსული ტურისტი აქ არ რჩება და მიდის ანაკლიაში ან მესტიაში. ჩვენი მიზანია, რომ ზუგდიდში 500 ათასამდე ტურისტი ჩამოვიდეს და აქ უნდა გაჩერდეს 3-4 დღე, ამისთვის მათ საფუძველი უნდა ჰქონდეს. მესმის, რომ ეს ამბიციური განცხადებაა, მაგრამ რეალურია. თუ ამას მოვახერხებთ, ტურისტები აქ დახარჯავენ 200-250 მილიონ დოლარამდე, შესაბამისად, ბიუჯეტში შევა 40-დან 50 მილიონ დოლარამდე. ამ პროექტის განხორციელების შემთხვევაში, ზუგდიდელების ყოფითი პრობლემები მოგვარდება. საშუალოდ დღეში ქალაქში ათასობით ტურისტის მიღება რომ მოუწევს“,- აღნიშნა ქუჩულორიამ.


მისივე თქმით, ეს ყველაფერი იმისთვის კეთდება, რომ აფხაზებს 12 კილომეტრში პატარა ევროპა ჰქონდეთ, რაც მხარეების დაახლოვებას შეუწყობს ხელს. 
alt

შეხვედრას, რომელიც ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა, დაინტერესებული პირები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს საზოგადოებრივი ორგანიზაციის სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელმა დავით აქუბარდიამ ჰკითხა, თუ რა უფრო პრიორიტეტულია ქალაქში არსებული მძიმე სოციალური საკითხების მოგვარება, თუ მისი არქიტექტურული მოწყობა.  რაზეც ქუჩულორიამ უპასუხა, რომ  მერია სოციალური პრობლემების გადაჭრაზეც აუცილებლად იზრუნებს და ეს კადრების შემცირების ხარჯზე მოხდება.
alt
როგორც ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა მინჯორაიამ აღნიშნა, დასახელებული მერობის კანდიდატის პრეზენტაცია საინტერესო იყო, თუმცა, მისი თქმით, უმჯობესი იქნება, რომ მან შემდეგ შეხვედრაზე ქალაქის განვითარების გენერალური გეგმა წარადგინოს. 

Print