ახალი ამბები
ფოთში 44 წლის ქალის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ
ფოთის ჰოსპიტალში 44 წლის ქალის გარდაცვალებაში ახლობლები ექიმებს ადანაშაულებენ. მათი თქმით, ის აპენდიციტის შეტევით მიიყვანეს და ოპერაცია დაგვიანებით ჩაუტარდა. ახლობლების მტკიცებით, პაციენტის გარდაცვალება აპენდიციტის გასკდომით ორგანიზმის მოწამვლამ გამოიწვია.

„მიუხედავად იმისა, რომ პაციენტს მძიმე მდგომარეობა ჰქონდა, ღამის მორიგე ექიმმა დილამდე ექიმები არ გამოიძახა და შუადღემდე ოპერაცია არ გაუკეთეს. ჩემს ნათესავს ოპერაცია გაუკეთდა და მესამე დღეს სახლში გამოუშვეს, თუმცა ისევ ცუდად გახდა და საავადმყოფოში მივაბრუნეთ. გართულებული მდგომარეობის გამო იძულებული გახდნენ ქუთაისის სამედიცინო ცენტრში გადაეყვანათ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ქალი დაიღუპა. ყველაფერი ექიმების დაუდევრობის და უპასუხისმგებლობის ბრალია“, - ამბობენ ახლობლები.

ფოთის ჰოსპიტალში რადიო „ათინთს“ უთხრეს, რომ საავადმყოფოში მომხდარზე შიდა მოკვლევა მიმდინარეობს.

„პაციენტი შემოვიდა კლინიკაში მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით. ჩაუტარდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. ოპერაციის შემდგომი პერიოდი კლინიკაში იყო სტაბილური, რომლის შემდეგაც გაეწერა ბინაზე და პოსტოპერაციული გართულებით კვლავ შემობრუნდა კლინიკაში. მოხდა პაციენტის რეფერირება და სამწუხაროდ ჩატარებული მკურნალობის მიუხედავად ავადმყოფი გარდაიცვალა“, - გვითხრა ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.

გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის პასუხს ელოდება და სამართლებლივ ბრძოლას აპირებს.
Print