რეგიონი
თემურ ნადარაია: გალის რაიონი ყველაზე უსაფრთხოა
აფხაზეთის ტელევიზიაში გამართულ პრესკონფერენციაზე „გალის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა არსებულ პრობლემებსა და მიღწევებზე ისაუბრა“, წერს „აფსნიპრესი“.

„რუსი და აფხაზი მესაზღვრეების და უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი მუშაობის შედეგად, 2015 წლიდან ჩვენს რაიონში ადამიანის გატაცების არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ასევე შემცირდა დანაშაულებების რიცხვი“, - თქვა თემურ ნადარაიამ.

მან 2018 წელს შექმნილ „სამურზაყანოელ აფხაზთა საბჭოს“ საქმიანობაზეც ისაუბრა, რომელიც მსურველებს აფხაზური გვარების აღდგენაში ეხმარება.

„აღწერის შედეგად გაირკვა, 42 აფხაზური გვარიდან, რომელიც ადრე იყო რაიონში, დღესდღეობით მათ მხოლოდ 5 ათასი ადამიანი ატარებს. ჩვენ დოკუმენტების შედგენაში დავეხმარეთ იმ მოქალაქეებს, რომელთაც გვარების და ეროვნების დაბრუნება სურს. დღესდღეობით, 600 ადამიანია მსურველი, მათგან 300 - მა მიიღო შესაბამისი ნებართვა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს პროცესი იძულებით ხასიათს არ ატარებს“ - დასძინა ნადარაიამ.

ნადარაია გალის რაიონის მოსახლეობის ინტეგრაციის პრობლემებსაც შეეხო და ამ მიმართულებით გაწეულ სამუშაოზე ისაუბრა. 

«2015 წელს გალის რაიონის 11 სკოლაში მივიღეთ აფხაზეთის განათლების სამინისტროს მიერ მიღებული პროგრამა, რომელიც მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ რუსული ენა. სამინისტრომ სკოლები უზრუნველყო სახელმძღვანელოებით, ზაფხულის პერიოდში კი მასწავლებლები გადაამზადა. 2018 წელს გალის რაიონიდან 20 აბიტურიენტი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხა, 5 მათგანი სტიპენდიას იღებს და 5 ათასამდე რუბლს ყოველთვიურად ადმინისტრაციისგან“, - განაცხადა თემურ ნადარაიამ.

მან ენგურის ხიდზე მიმოსვლის აღდგენაზეც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა,რომ „საზღვარი კი არ დაუკეტავთ, არამედ, მხოლოდ გადასვლის რეჟიმი შეცვალეს“.

Print