ახალი ამბები
ზუგდიდის სკოლებში სველ წერტილებს მოაწესრიგებენ
ზუგდიდის საჯარო სკოლებში სველი წერტილებისა და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოსაგვარებლად მიზნობრივი ტრანსფერის სახით 750 ათასი ლარი გამოიყო. აღნიშნული საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცეს.  საკრებულოს თავმჯდომარის მამუკა წოწერიას თქმით, აღნიშნული თანხის ფარგლებში, ჩატარდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები, თუმცა პრიორიტეტი სკოლებში საპირფარეშოების მოწესრიგება იქნება.

„ეს არის მიზნობრივი ტრანსფერი, რომელიც ითვალისწინებს მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების  მხარდაჭერას საჯარო სკოლებში. იდენტიფიცირებულია ის აუცილებელი და გარდაუვალი პრობლემა, რომელიც უკავშირდება სველ წერტილებს. ასევე იდენტიფიცირდება სხვა პრობლემებიც. ამ  პროცესში ჩაერთვებიან რესურსცენტრის, ადმინისტრაციული ერთეულების და მერიის წარმომადგენლები“, - აღნიშნა წოწერიამ.

სახალხო დამცველის ანა ლომჯარიას ანგარიშის თანახმად, 108 საჯარო სკოლიდან 16 სკოლაში სასმელი წყალი საერთოდ არ არის, გამოკვლეული სკოლების უმრავლესობაში საპირფარეშოები მოუწესრიგებელია და არ არის დაცული ჰიგიენის ნორმები. 


Print