ახალი ამბები
ანაკლია-განმუხურის ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება
ანაკლია-განმუხურის ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად რეგიონული განვითარების ფონდიდან 2 მილიონ ლარამდე დაიხარჯება.  ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების შესახებ საკრებულოს ურბანული განვითარების და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ლაგვილავამ ისაუბრა. საკითხს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში შემდეგი სამუშაოები განხორციელდება:

ანაკლია-განმუხურის ტერიტორიიდან ზღვის სანაპირომდე მისასვლელი ბილიკების დაგება;

ბულვარის ტერიტორიაზე განთავსებული მინი ფეხბურთის და კალათბურთის მოედნების რეაბილიტაცია;

ანაკლია განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის რეაბილიტაცია;

საველოსიპედე ბილიკის, ველოსადგომის მოწყობა, რეაბილიტაცია და მშენებლობა, ველოსიპედების შეძენა;

ანაკლია განმუხურის სანაპირო ბულვარის ტერიტორიაზე არსებული განათების, საკანალიზაციო - გამწმენდი ნაგებობის, საპირფარეშოების, მოწესრიგება;

ბულვარის ტერიტორიაზე 100 ცალი საშუალო ზომის სანაგვე ურნა დამონტაჟება;  

ანაკლია-განმუხურის პლაჟზე გასახდელის მოწყობა;

არსებული კაფე-რესტორნების და ამფითეატრის რეაბილიტაცია;

„რეგ- ფონდიდან განსახორციელებელ პროექტებს კიდევ დაემატა რამდენიმე პროექტი. ეს არის ანაკლია-განმუხურის ინფრასტრუქტურული რეაბილიტაცია, რათა საკურორტო სეზონზე ღირსეულად წარვსდგეთ ვიზიტორების წინაშე. ამ პროექტის ღირებულება არის სავარაუდოდ  2 მილიონ ლარამდე“, - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გამწვანების სამუშაოების ჩატარება, ბაღის სკამების და მინი სკვერების განახლება და ურბანული ფურნიტურის შესყიდვა. ასევე იგეგმება ვეტერანთა ხეივნის მოწყობა.







Print