ახალი ამბები
110 დევნილ ოჯახს იპოთეკურ სესხს დაუფარავენ
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იპოთეკურ სესხს კიდევ 110 დევნილ ოჯახს დაუფარავს. ამის შესახებ მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, „დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის დაფარვის“ პროექტი 2015 წლიდან დაიწყო და წარმატებით ხორციელდება. ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე, სამინისტრომ სესხი უკვე 375 დევნილ ოჯახს დაუფარა.

სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფოს მიერ ერთჯერადი ფულადი დახმარება იმ დევნილ ოჯახებზე გაიცემა, რომლებსაც 2019 წლის პირველ იანვრამდე, იპოთეკური სესხით შეძენილი აქვთ სახლი/ბინა, რომელიც ოჯახის ერთადერთ საკუთრებას წარმოადგენს. სესხის დაფარვისათვის ფულადი დახმარების მაქსიმალური ოდენობა ერთ ოჯახზე 20 000 ლარს შეადგენს. 2019 წელს, იპოთეკური სესხების დაფარვის პროექტისთვის 2 200 000 ლარი გამოიყო. განცხადების მიღება 14 თებერვალს დაიწყო და 15 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.

განაცხადები მიიღება სოციალური მომსახურების სააგენტოში თბილისში, ქუთაისსა და ზუგდიდში შემდეგ მისამართებზე:

თბილისი - თამარაშვილის ქ. N15ა;

ზუგდიდი - აღმაშენებლის ქ. N106;

ქუთაისი - ირაკლი აბაშიძის გამზ. N27.

იპოთეკური სესხის დაფარვის თაობაზე მიღებულ განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:

კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულება;

იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაბამისი საფინანსო დაწესებულებიდან უფლებამოსილი პირის დამოწმებით გაცემული ამონაწერი გადახდილი და გადასახდელი თანხის ოდენობის თაობაზე;

სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ამონაწერი ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების განმცხადებლის საკუთრებაში რეგისტრაციის თაობაზე, რომელშიც ასახული უნდა იყოს იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის ვალდებულება.

Print