ახალი ამბები
სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს შესაძლო მშენებლობა გააპროტესტეს (ვიდეო)
ზუგდიდის სკეიტ პარკში მოქალაქეების ჯგუფმა, ამავე ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმროს სავარაუდო მშენებლობა გააპროტესტა. აქცია სოციალურ ქსელში ჯგუფ "ზუგდიდი თაიმის" წევრებმა დაგეგმეს. მათი თქმით, აღნიშნული ადგილი სხვა მიმართულებით უნდა განვითარდეს და მისი გაყიდვა დაუშვებელია.

"აქციის მიზანია მთავრობას, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებას, ასევე ცენტრალურსაც გავაგებინოთ, რომ რეკრეაციულ ზონაში, რომელიც არის ხალხის საკუთრება, არ შეიძლება ასე ხელაღებით, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და გახადო კერძო საკუთრება. სასტუმრო დაიკავებს ტერიტორიას, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვის არის სასეირნო ადგილი, ყველა აქ იყრის თავს. ჩვენ გვინდოდა ამ საკითხის განხილვა ამ პროექტის ავტორებთან, ლობისტებთან, ინიციატორებთან. გუბერნიამ განგვიცხადა, რომ იყო უკვე საჯარო პრეზენტაცია, თუმცა ეს ასე არ იყო - თავიანთი მიზან-ჯგუფი ჰყავდათ იქ. ასევე არაერთგზის მივმართეთ მერიას და საკრებულოს, თუმცა არ იყო შეხვედრაზე საუბარი", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მარიკა თოდუამ.

მისივე თქმით, აქციის დაგეგმვის შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მალევე დაანონსდა სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებული საჯარო განხილვები. თოდუამ აქციაზე მყოფებს მოუწოდა აქტიურად მიიღონ მონაწილეობა აღნიშნულ განხილვებში.

თავის მხრივ, ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ მათთვის მნიშვნელოვანია ყველა მსგავს საკითხზე კონსენსუსის მიღწევა. მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ისინი მოქალაქეებს 19 თებერვალს ყინულის სახლის ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობის პროექტის საჯარო განხილვაში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ, სადაც ნებისმიერს შეეძლება საკუთარი მოსაზრებებისა და ინიციატივების გაჟღერება.

"ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე რა ჯობია ქალაქის განვითარებისთვის: იდგეს იქ ყინულის სახლი, რომლის შენახვაც ბიუჯეტს ყოველწლიურად 300 ათასი ლარი უჯდება, თუ გვინდა არსებულ ლანდშაფტში ჩასმული ბრენდული სასტუმრო, რომელიც დამატებით ეკონომიკურ ბენეფიტებს მოუტანს ჩვენს ქალაქს. მით უმეტეს ყინულის სახლის  ტენტს 2 წელში საექსპლუატაციო ვადა გასდის და მისი აღდგენა 1 მილიონ ლარზე მეტი დაუჯდება ბიუჯეტს. სასტუმროს მშენებლობის გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, განიხილება არსებული ყინული სახლის გადატანა და მისი აწყობა ე.წ. სენდვიჩ-პანელებით, რომელიც ჩაიდება საინვესტიციო ხელშეკრულებაში და ამ ხარჯებს მთლიანად სასტუმროს მშენებელი კომპანია გაიღებს", - ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიის მიმდებარედ, იუსტიციის სახლის უკან სამშენებლო კომპანია მ² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. 

ამავე თემაზე:

სკეიტ პარკში სასტუმროს შესაძლო მშენებლობაზე საჯარო განხილვა მოეწყობა

ზუგდიდის სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს სავარაუდო მშენებლობის წინააღმდეგ აქცია იგეგმება

ზუგდიდის სკეიტ პარკიდან ყინულის სასახლის გადატანა იგეგმება

რას ფიქრობენ ზუგდიდელები ყინულის სახლის ადგილას სასტუმროს მშენებლობაზე (ვიდეო)

Print