რეგიონი
ხაზარაძე: ანაკლიის პორტს თავისი კანონმდებლობა ექნება
"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ კავკასიის უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ანაკლიის პორტს თავისი კანონმდებლობა ექნება. ხაზარაძის თქმით, სწორედ ამ კანონმდებლობის საშუალებით შეძლებენ ინვესტორები ნებისმიერი სამართლებრივი დავას ადგილზე მოაგვარებას. 

„იქ საჭიროა ისეთი კანონმდებლობის შეტანა, რომელიც თანამედროვე ნებისმიერი ქვეყნიდან ჩამოსულ ინვესტორს მისცემს საშუალებას, რომ აწარმოოს ბიზნესი გასაგებ, სამართლებრივ ჩარჩოში. ამისთვის ჩვენ უკვე მეორე წელია ვმუშაობთ მსოფლიოში საკმაოდ ცნობილ იურისტებთან. ერთი თვის წინ გავაფორმეთ ხელშეკრულება დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტთან, რომელშიც გაერთიანებულია 180 000 იურისტი და სწორედ მათთან ერთად ვამუშავებთ კანონმდებლობას“, - აღნიშნა ხაზარაძემ.

ამასთან, ხაზარაძე არ გამორიცხავს, რომ სწორედ აღნიშნული ასოციაციის წევრი იურისტები ჩამოიყვანონ მოსამართლეებად. „კონსორციუმს“ სურს, რომ ანაკლიის თავისუფალ ეკონომიკურ ზონაში, ანაკლია სითიში ლონდონის არბიტრაჟის ანალოგი იყოს.

არ გამოვრიცხავთ და ალბათ, ასეც იქნება, რომ სწორედ ამ ასოციაციის 180 ათასი იურისტიდან წამყვანი იურისტები ჩამოვიყვანოთ მოსამართლეებად, რომ პირველივე დღიდან ვთქვათ, რომ აქ გაკეთებული ბიზნესი იგივეა, ჰონგ-კონგში, სინგაპურში, ლონდონში ან ამერიკის რომელიმე ქალაქში რომ აკეთებდე ბიზნესს, იმიტომ, რომ შენ ხარ ყველაზე დახვეწილ, სამართლებრივ სივრცეში და დავების გადაწყვეტას შეძლებ ადგილზე, ყოველგვარი ღრმა ჩახედვის გარეშე, თუ რა ხდება ქართულ კანონმდებლობაში რომელიც ძალიან დასახვეწია და ბევრი სხვა პრობლემა აქვს. აი ეს არის მიდგომა“, - აღნიშნა მამაუკა ხაზარაძემ.

მან სტუდენტებს საჯარო ლექცია სახელწოდებით ""ანაკლიის პორტი - საქართველო გლობალური ბიზნესის რუკაზე" წაუკითხა.


Print