ახალი ამბები
თენგიზ ჯგუშია: ხვალ გადაწყდება წაართმევს თუ არა ზუგდიდს რეკრეაციულ ზონას ბიზნეს „ზვიგენი“ (ვიდეო)
„სამეგრელოს ხმის“ ლიდერი თენგიზ ჯგუშია ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ხვალინდელ საჯარო განხილვაზე, სადაც ზუგდიდის სკეიტ პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს შესაძლო აშენებას განიხილავენ, საზოგადოების მხარე დაიჭიროს. ამის შესახებ მან სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების მონაწილეობით, ამ შენობაში ხვალ გადაწყდება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. შეძლებს თუ არა მოსახლეობა დაიცვას დადიანების მემკვიდრეობით დატოვებული უწმინდესი ტერიტორია, თუ ჩააბაროს ის ბიზნეს ზვიგენს m² სახით. სწორედ ამ შენობაში ორი წლის წინ ზუგდიდს წაართვეს თვითმმართველობა, მაშინ აქ დამარცხდნენ ზუგდიდელები, სახელმწიფოსთან ბრძოლაში. ხვალ კიდევ ერთი უდიდესი გამოცდის ჩაბარება უწევს ხელისუფლებას ამ შენობაში. წაართმევს თუ არა ხელისუფლება და m² საკუთარი ბიზნეს ინტერესებისთვის ზუგდიდს რეკრეაციულ ზონას?  მე მოვუწოდებ გუბერნატორ ალექსანდრე მოწერელიას, რომ ყოველგვარი დაპირისპირების გარეშე გაიმარჯვოს ჯანსაღმა აზრმა. მე არ მინდა, რომ დადიანების ტერიტორიის გასხვისების ამბავი მოიგოს ბიზნესმა. მე მინდა, რომ ვიყოთ ერთ მხარეს საზოგადოების და ზუგდიდის მხარეს“, - აღნიშნა თენგო ჯგუშიამ.

მან ასევე მოუწოდა „ქართულ ოცნებას“, რომ დროულად დაასახელონ ზუგდიდის მერობის კანდიდატი.

სკეიტ პარკის ტერიტორიაზე ახალი სასტუმროს კონცეფციის განხილვა 19 თებერვალს გაიმართება. მოსახლეობის ნაწილი აღნიშნულ ტერიტორიაზე სასტუმროს აშენებას ეწინააღმდეგება.

ყინულის სასახლის ადგილას კომპანია m² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდულაძემ სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაზე 25 ნოემბერს ისაუბრა. როგორც ბურდულაძემ აღნიშნა, მას ამ საკითხზე ზუგდიდელების აზრი და შეფასებები აინტერესებს. მისი თქმით, სასტუმრო იქნება საერთაშორისო ბრენდის და ის ხელს არ შეუშლის დადიანების სასახლის ხედს.

ამავე თემაზე:

სკეიტ პარკის ტერიტორიაზე სასტუმროს შესაძლო მშენებლობა გააპროტესტეს (ვიდეო)
Print