რეგიონი
სოხუმმა 1029 ადამიანს მიანიჭა რეპატრიანტის სტატუსი
აფხაზეთის დე ფაქტო რესპულიკაში ბოლო 5 წლის მანძილზე რეპატრიანტის სტატუსი 1029 ადამიანმა მიიღო. ამის შესახებ „რეპატრიაციის საკითხებში მინისტრმა“ ბესლან დბარმა საზოგადოებრივი პალატის საბჭოს გაფართოებულ სხდომაზე განაცხადა. შეხვედრაზე აფხაზი თანამემამულეების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროცესი განიხილეს, წერს „აბხაზია ინფორმი“.

მათივე ცნობით, რეპატრიანტებად ითვლებიან ეთნიკური აფხაზები (აბაზა), იმ ლტოლვილთა შთამომავლები, რომლებმაც აფხაზეთის ისტორიული ტერიტორია რუსულ - კავკასიური და რუსულ - თურქული ომების და XIX საუკუნეში მომხდარი სხვა მოვლენების გამო დატოვეს და რომელთა „დაბრუნებას აფხაზეთის რესპუბლიკაში „რეპატრიაციის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს“.

რეპატრიანტის სტატუსი ხუთი წლის ვადით გაიცემა.

2018 წელს "აფხაზეთის მოქალაქეობა" უცხოეთში მყოფმა 543 ადამიანმა მიიღო. საერთო ჯამში დე ფაქტო რესპუბლიკაში ამჟამად 5 ათასი რეპატრიანტი ცხოვრობს, რომელიც სხვადასხვა დროს დაბრუნდა ისტორიულ სამშობლოში.

გარდა ამისა, „უცხოეთში არსებული აფხაზური დიასპორის 10 ათასი წარმომადგენელი დარეგისტრირდა სხვადასხვა დროს რეპატრიაციის სახელმწიფო კომიტეტში და მიიღო აფხაზეთის მოქალაქეობა“, - წერს გამოცემა.

Print