ახალი ამბები
წალენჯიხაში ქურდობისა და მოპარული ქონების გასაღების ბრალდებით ორი პირი დააკავეს
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წალენჯიხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2001 წელს დაბადებული გ. ჩ. - ქურდობის, ხოლო 1993 წელს დაბადებული ე.ე. - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. ამავე ცნობით, დანაშაული 2-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ გ.ჩ.-მ სოფელ ჯვარში, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლიდან სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, ე.კ.-მ კი მის მიერ მოპარული ნივთები გაასაღა. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს", - აცხადებენ უწყებაში.

გამოძიება ქურდობის და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების გასაღების ფაქტებზე მიმდინარეობს, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით და 186-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

Print