ახალი ამბები
მოქალაქეებმა ზუგდიდის ყინულის სასახლის შენობა პროტესტის ნიშნად მწვანე ლენტით შემოღობეს (ვიდეო)
ზუგდიდში, სკეიტ პარკის ტერიტორიაზე, სადაც სასტუმროს მშენებლობა იგეგმება აქცია გაიმართა და პროტესტის ნიშნად მოქალაქეებმა ყინულის სასახლე მწვანე ლენტით შემოღობეს. აქციის მონაწილეები სასტუმროს შესაძლო მშენებლობას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ აქ სასტუმროს ადგილი არ არის. ერთ-ერთი მონაწილე თეა ხარბედია ამბობს, რომ მთავრობა მოქალქეებს გვერდში უნდა ამოუდგეს, რათა ზუგდიდი გადაურჩეს უაზრო მშენებლობას.

„ჩემი აქ მოსვლის მიზეზი პროტესტია, რომელიც უკავშირდება აქ სასტუმროს აშენების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას. არ მინდა, რომ ეს ტერიტორია გახდეს რომელიმე კომპანიის საკუთრება. ძალიან ბევრი ადამიანის აზრი ვიცი, ვინც კატეგორიულად ეწინააღმდეგება სასტუმროს აშენებას. ეს ტერიტორია ატარებს პარკის დანიშნულებას და აქ სასტუმროს აშენების შემდეგ არ მგონია რეკრეაციულ ზონად დარჩეს“, - თქვა თეა ხარბედიამ.

აქცია „სამეგრელოს ხმის“ ლიდერის თენგიზ ჯგუშიას ორგანიზებით გაიმართა. ჯგუშიამ მოქალაქეებს სიტყვით მიმართა, გაერთიანებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ამ ტერიტორიას კომერციული ინტერესებისთვის არცერთ კომპანიას არ დაუთმობს.

„საზოგადოება ნელ-ნელა იწყებს მოძრაობას ხვალ და ზეგ მეტი ხალხი იქნება. მინიმუმ 80% წინააღმდეგია აქ ამ უკანონო მშენებლობის. არ დათმობს ამას ხალხი. ერთადერთი მომხრე ჰყავს ხელისუფლებას პარტიული აქტივის სახით. დათმობა არის გარდაუვალი - ხელისუფლება გადაყვება ამ ამბავს. ეს არის პირდაპირ კომერციულ-ფინანსური ინტერესი. მამუკა ბახტაძეს სთხოვს m²-ი, ბახტაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას, მოწერელია კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას და ფეშქაშად ეს ყველაფერი m²-ს, აბსოლუტურად მოსახლეობის აზრის გაუთვალისწინებლად“, - აღნიშნა თენგო ჯგუშიამ.

სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ყინულის სახლის ადგილზე სასტუმროს მშენებლობასთან დაკავშირებით საჯარო განხილვა მოეწყო.

ყინულის სასახლის ადგილას კომპანია m² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. 










Print