ახალი ამბები
გიორგი შენგელია: ზუგდიდის მოსახლეობას მოვუწოდებ არ გადაიხადოს პარკირების საფასური
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ გიორგი შენგელიამ მოსახლეობას მოუწოდა, რომ სანამ მერიასა და "თაუნ პარკს" შორის სასამართლო დავა მიმდინარეობს, პარკირების საფასური არ გადაიხადოს. მისი თქმით, კომპანია თანხას უკანონოდ კრეფს და ამ ფაქტის აღსაკვეთად ძალოვანი სტრუქტურები მუშაობენ.

„ჩვენ იანვრის დასაწყისში "თაუნ პარკს" გავუწყვიტეთ ხელშეკრულება, რაზეც აღნიშნულმა კომპანიამ მიმართა სასამართლოს. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებით ჩვენი ხელშეკრულების შეწყვეტა შეჩერებულ იქნა არსებით განხილვამდე, რაც ჩვენ მიერ გასაჩივრებულ იქნა სააპალეციო სასამართლოში. აღნიშნული საკითხი გახდა სასამართლო დავის საგანი და როგორც კი კონკრეტული გადაწყვეტილება იქნება სასამართლოსი ამ მიმართულებით, იმის შესაბამისად ვიმოქმედებთ. რაც შეეხება თანხას - ეს კომპანია ახორციელებს თანხის უკანონო აკრეფას. მე მოვუწოდებ მოსახლეობას არ გადაიხადოს არანაირი საფასური ავტოსადგომების მომსახურებაზე. ამ მიმართულებით ჩართულია ძალოვანი სტრუქტურებიც, რომ აღვკვეთოთ აღნიშნული ქმედება და ვიყენებთ ყველანაირ ბერკეტს, რათა კანონის ფარგლებში ჩავსვათ კომპანიის უკანონო ქმედება სასამართლოს გადაწყვეტილებამდე“, - თქვა გეგა შენგელიამ.

ზუგდიდის მერიამ კომპანია "თაუნ პარკს", რომელსაც ზუგდიდში პარკირების სისტემა უნდა მოეწესრიგებინა, ხელშეკრულება გაუწყვიტა. ამის მიზეზად კი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. "თაუნ პარკს" ქალაქის ცენტრალური ტერიტორიები ათწლიანი იჯარით ჰქონდა აღებული. მას ადგილობრივ ბიუჯეტში კვარტალურად, ჯამში ყოველწლიურად 203 000 ლარი უნდა შეეტანა. შესაბამისი ხელშეკრულება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტსა და კომპანია „თაუნ პარკს“ შორის 2017 წლის სექტემბერში დაიდო.

ამავე თემაზე:

"თაუნ პარკი" ზუგდიდის მერიასთან სასამართლოში დაობს
Print