ახალი ამბები
საჯვაროს ხიდი გაიხსნა (ფოტო)
ზუგდიდში, სოხუმის ქუჩაზე არსებული ე.წ.საჯვაროს ხიდი, ადგილობრივების ინფორმაციით, გუშინ გაიხსნა. ამ დროისთვის აღნიშნულ ტერიტორიაზე საავტომობილო მიმოსვლა აღდგენილია.


საჯვაროს ხიდზე სარეაბილიტაციო სამუშაოები, თითქმის, ხუთი თვის წინ დაიწყო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, ხიდზე დაგეგმილი სამუშაოები ითვალისწინებდა ყველა ხარვეზისა და დაზიანების აღმოფხვრას, რისთვისაც უნდა მოხსნილიყო მოპირკეთება, რკინაბეტონის კონსტრუქციები, გამაგრებულიყო განაპირა და შუა ბურჯები, თავიდან მოწყობილიყო საყრდენი ბალიშები, აღედგინათ და მოეწყოთ ახალი კონსტრუქციები და ჩატარებულიყო მოსაპირკეთებელი სამუშაოები.



სამუშაოებს ადგილზე კომპანია "სახარია" ასრულებს. როგორც მისმა დირექტორმა დავით პაიჭაძემ რადიო "ათინათს" უთხრა, ძირითადი სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია.

"ვალდებულებებში რაც იყო მითითებული, ძირითადად დავასრულეთ, თუმცა დეტალების სანახავად ჩამოვალთ ადგილზე და თუკი რამე იქნება საჭირო და დასამატებელი, სარეაბილიტაციო ვადის დასრულებამდე განვახორციელებთ", - თქვა პაიჭაძემ.



საავტომობილო გზების დეტარტამენტმა გამარჯვებული კომპანია ტენდერში გამოავლინა და მასთან კონტრაქტი მიმდინარე წლის ივლისში დადო. შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 9 თვეში, ანუ 2019 წლის მაისში უნდა დასრულებულოყო.საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ხიდის რეაბილიტაციისთვის 1 565 555 ლარი გამოყო.

ფოტო: რადიო "ათინათი"

ამავე თემაზე:

საჯვაროს ხიდის რეაბილიტაცია 1,5 მილიონ ლარზე მეტი ჯდება
Print