ახალი ამბები
თენგიზ ქობალიას საქმის არსებითი განხილვა დღეს გაიმართება
ზუგდიდის მერიის მუნიციპალური ქონების სერვისების მართვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის თენგიზ ქობალიას საქმის არსებითი განხილვა დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 17:00 საათზე გაიმართება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" ქობალიას ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ უთხრა. მისვე თქმით, დღეს დაცვის მხარე ქობალიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას არ დააყენებს.

"უკვე ორჯერ მოვითხოვეთ ქობალიას გირაოს სახით გათავისუფლება, თუმცა არ დააკმაყოფილა სასამართლომ. მაშინ გვქონდა საფუძველი. დღეს არ გვექნება ეს შუამდგომლობა, უპროცედუროდ არ გვიწევს", - თქვა სოსო ჯანაშიამ.

ქობალიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების მოთხოვნით გუშინ აქცია გაიმართა.

მერიის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც ბრალს არ აღიარებს, 24 დეკემბერს საკუთარ კაბინეტში დააკავეს. გამოძიება მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება. სუს-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ იგი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას და ვიცე-მერის გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. ქობალიას წინასწარი პატიმრობა 25 დეკემბერს შეეფარდა.


ამავე თემაზე:

აქციის მონაწილეები თენგო ქობალიას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ (ვიდეო)



Print