ახალი ამბები
დევნილებისთვის 240 კერძო სახლის აშენება იგეგმება
გერმანიის მიერ გამოყოფილი გრანტით, 240 კერძო სახლი იმ იძულებით გადაადგილებული პირებისთვის აშენდება, რომლებსაც მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გააჩნიათ. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ასევე აშენდება 8 ახალი საბავშვო ბაღი და ორი სკოლამდელი დაწესებულება რეაბილიტირდება.

„მინდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამის შესახებ მოგაწოდოთ ინფორმაცია და ამავე დროს მადლობა გადავუხადო გერმანიის მთავრობას, რომელმაც გამოგვიყო გრანტი და ჩვენ ერთობლივად შევიმუშავეთ პროგრამა, რომელიც გულისხმობს იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით ძალიან მნიშვნელოვან პროექტებს. მთელი საქართველოს მასშტაბით აშენდება დაახლოებით 240 კერძო სახლი და მათ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე განვახორციელებთ ამ მშენებლობებს. ამავე დროს აშენდება 8 ახალი საბავშვო ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 სკოლამდელი დაწესებულების შენობას. შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით გაიცემა თითქმის 250 გრანტი, ამასთან, დაფინანსდება სხვა სოციალური აქტივობები. ვფიქრობ, ეს პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი ორიენტირია იმისთვის, რომ მომავალ წლებში ჩვენ სწორედ ამ პროგრამით მიღებულ გამოცდილებაზე გავაფართოვოთ ჩვენი აქტივობა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს პროგრამა დასრულდება წარმატებით“,- განაცხადა ბახტაძემ.


Print