ახალი ამბები
ქვარაია: ვერ ვხედავ წონად არგუმენტებს, რომ სასტუმრო სკეიტ პარკში არ აშენდეს
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატის მერაბ ქვარაიას თქმით, ის ვერ ხედავს წონად არგუმენტებს იმის შესახებ, რომ სასტუმროს მშენებლობა სკეიტ პარკში არ შედგეს. ამის შესახებ კითხვა მას დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელმა არჩილ თოდუამ დაუსვა. ქვარაიას თქმით, საჭიროა, რომ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებას დაელოდონ. 

“დაველოდოთ საზოგადოების არის ფორმირებას, თუმცა სიახლეებისთვის მზად უნდა ვიყოთ. უარისთვის ბევრი არგუმენტია საჭირო, მაგრამ ცვლილებები საჭიროა განვითარებისთვის. ვერ ვხედავ წონად არგუმენტებს, რომ ეს პროექტი შეჩერდეს, რადგან არ არის მყარი არგუმენტები, რომ ეს ზიანის მომტანი იქნება ჩვენი ქალაქისთვის”,-აღნიშნა ქვარაიამ.

მისი თქმით, სასურველია, რომ კიდევ ჩატარდეს საჯარო განხილვა, რათა ყველა კითხვას გაეცეს პასუხი.

ამავე საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა თქვეს, რომ სასურველია, ჩატარდეს ინფორმაციული საჯარო შეხვედრა, რადგან სასტუმროს მშენებლობაზე კითხვის ნიშნები არსებობს და საზოგადოებას საბოლოო აზრის ჩამოყალიბებისთვის სრულყოფილი ინფორმაციის მიღება სჭირდება.

ამავე პოზიციაზე არიან საკრებულოს დეპუტატები. ირაკლი ლაგვილავამ აღნიშნა, რომ კომპანიამ პრეზენტაცია უკვე გამართა, ახლა კი ჯერი მუნიციპალიტეტზეა.

საკრებულოს კიდევ ერთი დეპუტატი ედიკა კოდუა კი ამბობს, რომ საჯარო შეხვედრაზე უფრო მეტად არა ჩვეულებრივი მოქალაქეები, არამედ საჯარო მოხელეები იყვნენ წარმოდგენილები.

„ჩვენ, დეპუტატები ვითხოვთ, უფრო მეტად ვიყოთ ჩართული მსგავსი პროეტქის “გამოცხობის” პროცესში და უკეთ ავუხსნათ ხალხს. უფრო ახლოს ვიყოთ ხალხთან და არა მხოლოდ არჩევნების დროს გვახსენდებოდეს”,-აღნიშნა კოდუამ.

ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში  მაჟორიტარი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს ხვდება.

ადგილობრივების ნაწილი სკეიტ პარკის მიმდებარედ ყინულის სასახლის ადგილას სასტუმროს აშენების წინააღმდეგია.

ყინულის სასახლის ადგილას კომპანია m² სამსართულიანი სასტუმროს აშენებას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ სასტუმროს პროექტის პრეზენტაციაზე 25 ნოემბერს ისაუბრა. როგორც ბურდილაძემ აღნიშნა, მას ამ საკითხზე ზუგდიდელების აზრი და შეფასებები აინტერესებს. მისი თქმით, სასტუმრო იქნება საერთაშორისო ბრენდის და ის ხელს არ შეუშლის დადიანების სასახლის ხედს.

ამავე თემაზე:
უნდა აშენდეს თუ არა სასტუმრო სკეიტ პარკში - საჯარო განხილვა ზუგდიდში (ვიდეო)
Print