ახალი ამბები
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ცხრა მოწმე დაიკითხა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის ჭაბუკა ლემონჯავას საქმეზე ცხრა მოწმე დაიკითხა. მათ შორის, ფოთის საავადმყოფოს მორიგე ექიმები, ექსპერტები და სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის თანამშრომლები. ფოთის საავადმყოფოს მედდის ლია ხურციას ინფორმაციით, მათთან შემოყვანისას ლემონჯავას თავის არეში სიწითლე აღენიშნებოდა.

„შუბლის არეში სიწითლე აღენიშნებოდა და შეწუხებული იყო.  გამოკვლევების შემდეგ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საავადმყოფოში დაგვეტოვებინა. დაახლოებით ექვსი დღის განმავლობაში იყო. დიაგნოზი არ ვიცი, თუმცა მკურნალობა დაუნიშნეს, ისეთი რაც ტვინის შერყევის მქონე პაციენტებს ენიშნებათ“, - აღნიშნა ხურციამ.

ექსპერტები, რომლებმაც შემთხვევის ადგილი დაათვალიერეს და შესაბამისი ნივთმტკიცებები ამოიღეს, დეტალებს ვერ იხსენებენ. მათი თქმით, მომხდარიდან დიდი დრო გავიდა და ყველაფრის გახსენება უჭირთ.

დღესვე დაიკითხა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი გიორგი ხაჭვანი. მისი თქმით ის შემთხვევის ადგილას შეტყობინების საფუძველზე მივიდა. იხსენებს, რომ ლემონჯავას სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და ტიროდა.

„შემთხვევის ადგილას, რომ მივედი მანქანიდან გადმოსვლისთანავე ასმეთაური მოვიდა და გვითხრა, რომ ჩვენი ადგილზე დარჩენის საჭიროება არ იყო და უნდა გაგვეგრძელებინა პატრულირება. ამ დროს დავინახე ჭაბუკა ლემონჯავა აქეთ-იქით დადიოდა, სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული და ტიროდა“, - თქვა ხაჭვანმა.

სხვა მოწმეებთან შედარებით ყველაზე ადრე შემთხვევის ადგილას პოლიციის თანამშრომელი ვლადიმერ ნადარაია მივიდა. ნადარაიამ სასამართლო პროცესზე თქვა, რომ ჩასარიცხი აპარატი გატეხილი იყო, მის წინ ადამიანი იწვა და იქვე ეგდო რკინის ჩაქუჩიც.

„შეტყობინება შემოვიდა, რომ რევაზ საჯაიას სჭირდებოდა დახმარება. ადგილზე მივედით ათ წუთში. პირდაპირ გავემართე აპარატთან. ის გატეხილი იყო. მის წინ იწვა ადამიანი, თავთან სისხლის გუბე იდგა. იქვე ეგდო რკინის ჩაქუჩიც. მოპირდაპირე ქუჩაზე კი იდგნენ ლემონჯავა და საჯაია. ლემონჯავას სახეზე ხელები ჰქონდა აფარებული“, - თქვა ნადარაიამ.

შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცავებმა ლემონჯავას კუთვნილი იარაღი, ექვსი მჭიდით, ჩაქუჩი და ერთი ვაზნა ამოიღეს. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. სასმართლომ ასევე უნდა მოუსმინოს ერთადერთ პირდაპირ მოწმეს, რომელიც შემთხვევის ღამეს ჭაბუკა ლემონჯავასთან ერთად მორიგეობდა.

2018 წლის 23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ საქმე სს კოდექსის 333-ე მუხლის 3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით აღძრა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.

ამავე თემაზე:
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო





Print