ახალი ამბები
მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე კიდევ რვა მოწმე დაიკითხა
ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის, ჭაბუკა ლემონჯავას საქმეზე სამართალდამცველები და ის მოქალაქეები დაიკითხნენ, რომლებიც შემთხვევის ადგილას მომხდარიდან რამდენიმე წუთში მივიდნენ. ფოთში მცხოვრებმა ნიკა კოკაიამ პროცესზე თქვა, რომ 23 ივლისის ღამეს ის მეგობართან ერთად იმყოფებოდა, როდესაც სამეგრელოს მოედნიდან ხმაური შემოესმათ, ხოლო ადგილზე მისვლის შემდეგ დაჭრილი მამაკაცი დახვდათ.

„მე და ჩემი მეგობარი ჩემს საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სკამზე ვიჯექით, როდესაც ბრახუნი შემოგვესმა, მე ახალი ნაოპერაციევი ვიყავი და ნელა მივდიოდი, შესაბამისად ჩემი მეგობარიც ჩემთან ერთად მოდიოდა. სანამ იმ ადგილამდე მივიდოდით, საიდანაც ხმა შემოგვესმა დავინახეთ, რომ საპირისპირო მიმართულებით ვიღაც გარბოდა, თუმცა იმდენად შორს იყო, რომ სახე არ მინახავს. შემდეგ ვნახე ორი პოლიციელის სილუეტი. სამეგრელოს მოედანთან მაღაზია „ოკეანესთან“ ჩასარიცხ აპარატთან მოქალაქე იწვა,პირველი რაც გავაკეთე დავრეკე 112-ში და დახმარება ვითხოვე. შემდეგ გავიგე, რომ პოლიციელს გაუვარდაო“,- თქვა პროცესზე კოკაიამ.

რაც შეეხება იმ პოლიციის თანაშრომლებს, რომლებიც იმ საღამოს ფოთის სხვადსხვა ქუჩებში მორიგეობდნენ, იხსენებენ, რომ მათ ტელეფონზე ლემონჯავას მეწყვილემ რევაზ საჯაიამ დაურეკა და მათ სამეგრელოს ქუჩაზე მისვლა სთხოვა. ისინი ამბობენ, რომ მომხდარის შესახებ ადგილზე მისვლის შემდეგ გაიგეს. ასევე აღნიშნეს, რომ ბრალდებულს შუბლის არეში დაზიანება აღენიშნებოდა და ამბობდა, რომ თავი სტკიოდა.

„ადგილზე, რომ მივედი აპარატი გატეხილი იყო, იქვე ეგდო რკინის ჩაქუჩი და პიროვნება იწვა. მოპირდაპირე მხარეს იდგა ჭაბუკა ლემონჯავა. ხელები ჰქონდა თავზე მოჭერილი და ამბობდა, რომ თავის სტკიოდა. ვკითხე რა მოხდა რა მოგივიდა, ექიმი ხომ არ გაუჭირდება-მეთქი, არა არაფერი მინდა მეო. მერე გავიგე, რომ საავადმყოფოში გადაუყვანიათ“, - ამბობს პაპუნა ფაჩულია.

შემთხვევის ადგილიდან სამართალდამცავებმა ლემონჯავას კუთვნილი იარაღი ექვსი მჭიდით, ჩაქუჩი და ერთი ვაზნა ამოიღეს. ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე მოწმეების გამოკითხვა გრძელდება. სასმართლომ ასევე უნდა მოუსმინოს ერთადერთ პირდაპირ მოწმეს, რომელიც შემთხვევის ღამეს ჭაბუკა ლემონჯავასთან ერთად მორიგეობდა.

2018 წლის 23 ივლისს მამაკაცს სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის მცდელობის დროს სამართალდამცავმა, სავარაუდოდ, წინააღმდეგობის გაწევისას ესროლა. მამაკაცს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი. შედეგად, ის ზუგდიდის საავადმყოფოში გარდაიცვალა. პროკურატურამ საქმე სს კოდექსის 333-ე მუხლის 3 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით აღძრა, რაც გულისხმობს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას ძალადობით, ან იარაღის გამოყენებით.

ამავე თემაზე:

მკვლელობაში ბრალდებული პოლიციელის საქმეზე ცხრა მოწმე დაიკითხა
Print