ახალი ამბები
რას ითვალისწინებს ანაკლიის სასწავლო ცენტრი და საგრანტო პროგრამა (ვიდეო)
ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა და USAID/Georgia-ს ერთობლივ პროექტ "ზრდის" ფარგლებში 2 მილიონი აშშ დოლარი ზუგდიდისა და მეზობელი სოფლების რეგიონული ეკონომიკის განვითარებას მოხმარდება. აღნიშნული პროგრამის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი - სასწავლო ცენტრი დღეს გაიხსნა და საგრანტო პროგრამაც გამოცხადდა.

კონსორციუმის ინფორმაციით, ახალი პროექტი სამ მთავარ მიმართულებაზე ფოკუსირდება: მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, ადგილობრივი მოსახლეობის კვალიფიკაციის ამაღლება, ასევე დასაქმების ხელშეწყობა, როგორც ანაკლიის პორტში, ისევე სხვა პროექტებსა თუ სექტორებში.

ანაკლიის სასწავლო ცენტრი ზოგად სასწავლო კურსებს: ინგლისურ ენას, კომპიუტერულ პროგრამებს, მეწარმეობას, ბიზნესის ადმინისტრირებას, ტურიზმსა და სხვა მოთხოვნად საგნებს მოიცავს. ამასთან, გათვალისწინებულია პრაქტიკები და სტიპენდიების პროგრამა. ცენტრში ჩატარდება საჯარო ლექციები, შემეცნებითი ღონისძიებები, თემატური კონფერენციები და სხვა.

„სასწავლო ცენტრი არის ძალიან მნიშვნელოვანი ანაკლიისთვის და მიმდებარე სოფლებისთვის, რომელიც მოუტანს ეკონომიკურ სარგებელს აქ მცხოვრებ ადამიანებს. სასწავლო ცენტრი შესაძლებლობას მისცემს მათ, აიმაღლონ კვალიფიკაცია და სხვადასხვა უნარი გამოიმუშაონ. ამას პროგრამები დაემატება, რომ სამომავლოდ ადამიანები გადავამზადოთ სამუშაო ადგილებისთვის, რომელიც საჭირო იქნება პორტში, ეკონომიკურ ზონაში და სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებში, რომლებიც განხორციელდება“, - აღნიშნა კონსორიცუმის გენერალურმა დირექტორმა ლევან ახვლედიანმა.

ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამის ფარგლებში ასევე გამოცხადდა საგრანტო კონკურსი აგრარული, ტურისტული თუ სხვა მიმართულებით, რაც, ინიციატორების ინფორმაციით, მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესის ზრდას და ტრენინგებთან ერთად მოსახლეობის ბიზნეს და ტექნიკური უნარების გაუმჯობესებას მოიტანს.

„ანაკლიის პორტში დაახლოებით, 2000-2200 ადამიანი უნდა დასაქმდეს. ამასთან, მნიშვნელოვანია ეკოლოგიური პროექტი, რომელიც ჭურიის ტერიტორიაზე, კოლხეთის ეროვნულ პარკში იგეგმება. სასწავლო ცენტრში გადამზადდება კადრები სხვადასხვა პროფესიული დანიშნულებით. ყველა ეს პროექტი რეგიონში ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს და ნებისმიერ მსგავს პროექტს ჩვენი ხელისუფლება მიესალმება“, - თქვა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ.

პროგრამის განმახორციელებლების ინფორმაციით, „ანაკლიის ეკონომიკური განვითარების პროგრამა“ ანაკლიასა და მეზობელ სოფლებს დაეხმარება, მომზადებულნი შეხვდნენ და უკეთესად აითვისონ ეკონომიკური განვითარების ის ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც მათ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი შესთავაზებთ.

„მოხარულები ვართ, რომ ასეთი კარგი პარტნიორობა გვაკავშირებს კონსორციუმთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოებს, რათა დასაქმების მხრივ პერსპექტივა გახდეს კონკურენტუნარიანი არამარტო ამ რეგიონში, არამედ მთელ საქართველოში“, - დასძინა USAID-ის მისიის ხელმძღვანელმა პიტერ ვიბლერმა.

ანაკლიის სასწავლო ცენტრის გახსნას დღეს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და USAID-ის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების, გუბერნიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და მოქალაქეები დაესწრნენ.

ამავე თემაზე:

ლევან ახვლედიანი: მივუწოდებთ მთავრობას, დროულად დაასრულოს უსამართლო გაუგებრობა (ვიდეო)

Print