ახალი ამბები
ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტირებაზე კონკურსი გამოცხადდა
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის, დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის შესყიდვის მიზნით, კონკურსი განსხვავებული წესით გამოცხადდა. ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

2018 წელს, პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზის, რკინიგზის და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის დეტალური საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 3 ტენდერი გამოცხადდა, თუმცა ყველა მათგანი სხვადასხვა მიზეზით ჩაიშალა და გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

უწყების ცნობით, ტენდერების ჩაშლის მიზეზების ანალიზის შედეგად და კვალიფიციური კონტრაქტორის შერჩევის მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი საპროექტო დოკუმენტაციას, ამჯერად, განსხვავებული წესით შეარჩევს. გამოცხადებული კონკურსის ფორმა შემუშავებულია საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების შესყიდვის პრაქტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით.

„კონკურსი ორეტაპიანია. პირველ ეტაპზე პრეტენდენტების ტექნიკური დოკუმენტაცია და სხვა საკვალიფიკაციო მონაცემები, ხოლო მეორე ეტაპზე საფინანსო წინადადებები შეფასდება. მთლიანობაში, კონკურსის ეს ფორმატი, პროცედურული ბარიერების მინიმუმამდე დაყვანას და შესყიდვის გამჭვირვალობას უზრუნველყოფს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9 718 972 ლარს შეადგენს. კომპანიასთან, რომელიც კონკურსში საუკეთესო წინადადებას წარმოადგენს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ხელშეკრულების გაფორმებას მარტის ბოლომდე გეგმავს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი საზღვაო პორტის მშენებლობა ქვეყნისთვის და მთელი რეგიონისთვის განსაკუთრებული ეკონომიკური, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტია. აქედან გამომდინარე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო დაინტერესებულია, რომ პროექტთან მიმართებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები პირნათლად შესრულდეს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

ანაკლიის პორტამდე მისასვლელი გზისა და რკინიგზის პროექტისთვის 11 მილიონი გამოიყო


Print