ახალი ამბები
წალენჯიხასა და აბაშაში სკოლების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერები გამოცხადდა
მუნიციპალური განვითარების ფონდმა წალენჯიხისა და აბაშის ორ სოფელში ახალი სკოლების პროექტირებასა და მშენებლობაზე ტენდერები გამოაცხადა.

სატენდერო დოკუმენტაციების თანახმად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯგალსა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ მაცხოვრისკარში Design-Build მეთოდით 60 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლის შენობის დეტალური პროექტის მომზადებისა და მის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისთვის სულ სამ მილიონამდე (თითოეული სკოლისთვის მილიონ 200 ათასზე მეტი) ლარი გამოიყო.

შესყიდვების ელექტრონულ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ორივე სკოლა უნდა მოიცავდეს 8 საკლასო ოთახსა და 1 კლასლაბორატორიას,სამასწავლებლოს და დირექციის ოთახებს, ბიბლიოთეკის და კომპიუტერული კლასის საერთო სათავსოს, ბუფეტს, სველ წერტილებსა და ხელოვნურსაფარიან სპორტულ მოედანს. ამასთან, სკოლის შენობები შშმ პირებისთვის ადაპტირებული უნდა იყოს.

ტენდერებში გამარჯვებულმა კომპანიამ სკოლების საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 14 თვეში უნდა დაასრულოს. ტენდერში წინადადებების მიღება 22-დან 27 მარტის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის 22 მუნიციპალიტეტში 27 სკოლის მშენებლობას აპირებს. პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება დაახლოებით 68 მილიონი ლარია, ინფორმაცია ამის შესახებ უწყებამ გაავრცელა.

აღნიშნულ მუნიციპალიტეტებს შორისაა ზუგდიდი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ, ხობი და აბაშა.

ამავე თემაზე:

ზუგდიდში, წალენჯიხაში, ჩხოროწყუში, ხობსა და აბაშაში ახალი სკოლების მშენებლობა იგეგმება



Print