ახალი ამბები
ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად ვლადიმერ გვილია დაინიშნა
ზუგდიდის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე ამავე სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ვლადიმერ გვილია დაინიშნა. ამ პოსტზე მან ლაშა ჯაიანი შეცვალა, რომელიც თანამდებობიდან გასული წლის ბოლოს გადადგა. შესაბამის ბრძანებას ხელი მერის მოვალეობის შემსრულებელმა უკვე მოაწერა. რადიო „ათინათს“ მერიის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა ირაკლი ამანათიძემ უთხრა, რომ გვილია მოვალეობის შესრულებას გუშინ შეუდგა.

„გვილიას მოადგილედ ლეონტი ფაჟავა დაინიშნა, რომელიც მანამდე ამავე სამსახურის განყოფილებაში მუშაობდა. მან ნუკრი ესართიას პოსტი დაიკავა“, - გვითხრა ამანათიძემ.

რაც შეეხება რუხის გამგებელს, თანამდებობა ამ დრომდე ვაკანტურია, რადგან, როგორც ამანთიძემ აღნიშნა, კონკურსანტს შესაბამისი საბუთები, ჯერჯერობით, არ წარმოუდგენია.

ღია და დახურული კონკურსები სულ ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე იყო გამოცხადებული, მათ შორის, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსისა და მისი მოადგილის პოსტებზე, ასევე, III რანგის III კატეგორიის დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში უფროსი სპეციალისტისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში მერის წარმომადგენლის თანამდებობებზე.

ზუგდიდის მერიის ცნობით, მსურველებს HR.GOV.GE-ზე ელექტრონული განაცხადი უნდა შეეტანათ. სულ ასეთი 42 განაცხადი შევიდა, რომელთაგან საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ამავე ინფორმაციით, 17 კანდიდატი შეესაბამებოდა. სწორედ მათგან შეირჩა გასაუბრებით 4 კანდიდატი, რომელსაც კომისიას საშუალოდ ყველაზე მაღალი ქულათა ჯამი მიანიჭა.

ამავე თემაზე:

ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად ვლადიმერ გვილიას კანდიდატურა განიხილება





Print