ახალი ამბები
მეღვინე კოლხური ქალღვთაების ძეგლისთვის სახელის „კოლხიშ ნანა“ დარქმევის ინიციატივით გამოდის
ჩხოროწყუელმა მეღვინემ და კოლხური ვაზისა და ღვინის ასოციაციის თავმჯდომარემ მიხეილ ცირდავამ საკრებულოს დეპუტატებს შესთავაზა, რომ კოლხური ქალღვთაების ქანდაკებას სახელად „კოლხიშ ნანა“ დაერქვას. ცირდავას თქმით, „ნანა“, როგორც ლაზური ეპითეტი სამეცნიერო წრეებში კოლხეთთან იდენტიფიცირდება და ეს სახელწოდება მეგრული ვაზის ჯიშებისა თუ ღვინის პოპულარიზაციისთვის საინტერესო იქნება.

მისი ინიციატივა დეპუტატებმა მოიწონეს და შეთანხმდნენ, რომ ამ თემაზე იმსჯელებენ.

გვიან ბრინჯაოს ხანის, ძვ. წ. აღ-ით VIII-VII საუკუნის ბრინჯაოს ქალღვთაების ქანდაკებები არქეოლოგებმა ცაიშის სამარხებში აღმოაჩინეს.  ანალოგი დადიანების სასახლეთა ისტორიულ–არქიტექტურული მუზეუმის შესასვლელ ჭიშკართან დაიდგა, თუმცა ის გასული წლის მაისში დააზიანეს. ქანდაკების აღსადგენად მერიამ დაახლოებით, 5 ათასი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც გამარჯვებული გამოვლენილია. კომპანია „დეკორაციების და ქანდაკებების სახლთან“ ხელშეკრულება 15 თებერვალს დაიდო. სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მონუმენტი აღნიშნული თარიღიდან 40 დღეში უნდა აღადგინონ.





Print