ახალი ამბები
ცაცხვში თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის სკვერის პროექტირებისთვის თანხის გამოყოფას ითხოვენ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში მერის წარმომადგენელი ნონა ესებუა და საკრებულოს დეპუტატი მიხეილ ჯობავა თამაზ ჟორჟოლიანის სახელობის სკვერის პროექტირებისთვის თანხის გამოყოფას ითხოვენ. შესაბამისი წინადადებით მათ დღეს ზუგდიდის საკრებულოს მიმართეს.

ესებუა ამბობს, რომ უკვე მზად არის ესკიზი, რომელიც მოქანდაკემ შეადგინა და მათ სურთ, რომ მოსახლეობის მიერ გაკეთებულ ხეივანს სკვერის სახე მიეცეს.

„ეს არის სოფლის მთავარი გზა, ცენტრი, სადაც განთავსდება მუზეუმიც, სპორტული დარბაზიც და იქნება დასასვენებელი ადგილიც. არ შეიძლება, რომ ამ ადამიანს სახელს ატარებდეს ადგილი და იყოს მხოლოდ ხეივანი“, - აღნიშნა ესებუამ.

მისივე თქმით, სკვერის პროექტირებისთვის, დაახლოებით, 10 ათასამდე ლარია საჭირო.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაცხვში ერთ-ერთ სკვერს, რომელიც თამაზ ჟორჟოლიანის სახლთან ახლოს მდებარეობს, მისი სახელი მიენიჭა.

2017 წლის ოქტომბერში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი თამაზ ჟორჟოლიანი ავტოავარიის შედეგად საკრებულოს პირველ სხდომამდე დაიღუპა. ის "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატი იყო.

Print