რეგიონი
ქაზიმ ქოიუნჯუს ძეგლის დადგმასთან დაკავშირებით ზუგდიდში საჯარო განხილვა გაიმართება
ლაზი მომღერლის ქაზიმ ქოიუნჯუს ძეგლის დადგმის საკითხზე ზუგდიდში საჯარო განხილვა საკრებულოს ინიციატივით მოეწყობა. საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარის ირაკლი ლაგვილავას თქმით, აუცილებელია, რომ ზუგდიდელებმა ამის შესახებ საკუთარი აზრი გამოთქვან. ლაგვილავამ საკრებულოს სხდომაზე ასევე განმარტა, რომ ძეგლი ქოიუნჯუს, როგორც საზოგადო მოღვაწის ღვაწლის დაფასებისთვის უნდა დაიდგას.

„მან შეინარჩუნა და გადაარჩინა ეთნიკური იდენტობა ლაზების, ჩვენი თანამოძმეების და ლაზური ენის გადარჩენის საქმეში მართლაც უდიდესი წვლილი მიუძღვის. ამ თემას განიხილავენ სტამბულში ლაზები და ძალიან არიან ჩართულები. ეს იქნება ერთგვარი ხიდის გადების მცდელობა ჩვენ შორის, რადგან მესამე საუკუნეა, ნორმალური კომუნიკაცია არ გვქონია“, - აღნიშნა ლაგვილავამ.

ქოიუნჯუს ძეგლის დადგმას ეთანხმება ფრაქცია „ენმ“-ც. ფრაქციის თავმჯდომარის ანა წითლიძის თქმით, ძეგლის დადგმა ტურიზმის მიმართულებითაც მნიშვნელოვანია, რადგან ეს ლაზების დაინტერესებას გამოიწვევს.

„მან მართლაც  დიდი როლი შეასრულა ქართულ-ლაზური ურთიერთობის გამყარებასა და განვითარებაში. ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ჩამოვლენ ლაზები, გვექნება მეტი კონტაქტი და კომუნიკაცია მათთან და ჩვენი ურთერთობის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - თქვა დეპუტატმა.

ძეგლის დადგმის ინიციატივას ლაზებისადმი გამოხატულ მხარდაჭერად მიიჩნევს კახათის მაჟორიტარი მანანა მებონია. მისი თქმით, ის საჯარო განხილვებში აქტიურად ჩაერთვება და გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. იგივე პოზიცია დააფიქსირა დეპუტატმა დავით გახარიამაც და დასძინა, რომ ტურისტული თვალსაზირისით ეს ნაბიჯი დადებითი შედეგის მომტანი იქნება.

ზუგდიდის საკრებულოში ლაზი მომღერლის ქაზიმ ქოიონჯუს ძეგლის დადგმის ინიციატივა მოქალაქე გივი ქარჩავამ შეიტანა.


Print