ახალი ამბები
ქურდული სამყაროს წევრობაში ბრალდებულებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ
"ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით დაკავებულ სამ პირს - მამუკა ლაგვილავას, ირაკლი ჩხენკელს და მანუჩარ გაბუნიას წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მანამდე დაცვის მხარე პროცესის ხვალამდე გადადებას ითხოვდა. ერთ-ერთი ბრალდებულის ირაკლი ჩხენკელის უფლებადამცველის ზურაბ კინტირაიას განცხადებით, დაცვის მხარეს ბრალის წარდგენის შემდეგ გადმოეცა საქმის მასალები, რომელიც რვა ტომისგან შედგება და მისი გაცნობა ვერ მოასწრეს. მათი მოთხოვნა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ არ დააკმაყოფილა, თუმცა მასალების გასაცნობად საათნახევრიანი შესვენება გამოაცხადა.

პროკურატურა სასამართლოსგან აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა რამდენიმე არგუმენტით, მათ შორის იმით, რომ არსებობს ბრალდებულების მიმალვის საფრთხე.

თავის მხრივ, დაცვის მხარე ირაკლი ჩხენკელისთვის გირაოს, 50 ათასი ლარის ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფის შეფარდებას, დანარჩენი ორი დაკვებულისთვის კი ნახევარ-ნახევარ მილიონ ლარს ითხოვდა, რადგან მათი მტკიცებით, არ არსებობს მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის ან მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ადვოკატების განცხადებით, არ არსებობდა საფუძველი პატიმრობის შეფარდებისა, რადგან პროკურატურას შესაბამისი დასაბუთებული არგუმენტები არ გააჩნდა. ისინი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებენ.

დაკავებულ ირაკლი ჩხენკელს, მამუკა ლაგვილავას და მანუჩარ გაბუნიას ბრალი დღეს წარუდგინეს. ისინი თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ და ბრალს არ აღიარებენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, გუშინ სენაკსა და ფოთში ერთდროულად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 3 წევრი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულები "ქურდული სამყაროს" მიერ დადგენილი წესებით მოქმედებდნენ. გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე:

“ქურდული სამყაროს” წევრობის ბრალდებით დაკავებული ორი პირი ბრალს არ აღიარებს


Print