ახალი ამბები
მამუკა ხაზარაძე: თუ ანაკლიის პროექტში არ გსურთ ჩვენი ყოფნა, კაცურად გვითხარით და გავიგებთ
TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა ხელმძღვანელმა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საპარლამენტო კომისიის სხდომაზე განაცხადა, რომ მისი და ბადრი ჯაფარიძის მიმართ, მისივე მტკიცებით, დისკრედიტაციის მცდელობა ანაკლიის პორტის ფინანსურ დახურვაზე უარყოფით გავლენას ახდენს. მისივე თქმით, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვერ გააფორმებენ ხელშეკრულებას, სანამ არსებულ საქმეს ნათელი არ მოეფინება.

„ანაკლია არის საჯარო და კერძო ინიციატივის პირველი შემთხვევა, მოვახერხეთ და გავაფორმეთ ხელშეკრულება სახელმწიფოსთან, თუმცა მაშინ, 2016 წელს დაგვიდეს ხელშეკრულება, რომელსაც არცერთი ბიზნესმენი ხელს არ მოაწერდა, თუმცა ამ რისკზე წავედით. თუ საუბარია რამის გადავადებაზე, სწორედ იმიტომ, რომ ამ ხელშეკრულებიდან 8 პუნქტი არის მიუღებელი დამფინანსებელი ბანკებისთვის და ახლა სწორედ ამ პუნქტების შეცვლის მოთხოვნა აქვთ მათ. მე მესმის, მაშინ რატომ მოგვაწერინეს ხელი ამაზე. ასე რომ არ მოვქცეულიყავით, ახლა აქ არ ვიქნებოდით. რაც შეეხება საფრთხეს, სახელმწიფო, ერთი მხრივ, ამბობს, რომ მხარს უჭერს პროექტს, მეორე მხრივ კი, არის ჩვენი იმიჯის დისკრედიტაციის მცდელობა. ფინანსური ინსტიტუტები, რომელთაც უნდა მოახდინონ პროექტის ფინანსური დახურვა და 600 მილიონზეა საუბარი, პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ვერ გაააფორმებენ ხელშეკრულებას მანამ, სანამ ნათელი არ მოეფინება ამ კითხვებს. თუ ამოცანაა, რომ ჩვენ არ ვიყოთ პროექტში, მაშინ პირდაპირ კაცურად გვითხარით და გავიგებთ. არანაირ კრიმინალთან და ფულის გათეთრებასთან საქმე არ გვაქვს. ახლა ეროვნული ბანკი ითხოვს წერილობით, ვინაა ანაკლიის კორპორაციის დამფუძნებელი და ასე შემდეგ. რა ეროვნული ბანკის საქმეა, კერძო კომპანიაში რა ინვესტიციებზეა საუბარი. ამ დროისთვის 180 ათასი ლარი გვაქვს ინვესტირებული“, - ასე უპასუხა ხაზარაძემ დეპუტატების შეკითხვებს ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა ასევე თქვა, რომ არჩევნების მეორე ტურის წინ მან მუქარის წერილი მიიღო შს მინისტრისგან. ხაზარაძემ განმარტა, რომ გიორგი გახარია მას რაღაცის შესრულებას სთხოვდა, თუმცა, ის ამ წერილის გასაჯაროებას არ გეგმავს.

მანამდე ბადრი ჯაფარიძემ აღნიშნა, რომ კონსორციუმის მხრიდან შეფერხება არ არის, თუმცა სახელმწიფო სტრუქტურებისგან გაკეთებული განცხადებებით ზიანი ფინანსური დახურვის პროცესს უკვე მიადგა.


ამავე თემაზე:

მამუკა ხაზარაძე: ჩვენ ვართ ორკესტრირებული შეტევის მსხვერპლი



Print